თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის აპრილში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.5%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 6.7 პროცენტიანი მატება. 

2026 წლის მარტთან შედარებით ფასები 1.6%-ით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.13 პ.პ.-ით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.7%), რამაც 0.54 პ.პ. შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა ძირითად ქიმიურ ნივთიერებებზე და ქიმიურ პროდუქტებზე (8.4%) და კოქსზე და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებზე (7.9%). გარდა ამისა, ფასების 1.1 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.11 პ.პ. შეადგინა.

12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

  • სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 27.6%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.8 პ.პ.-ით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (34.3%)
  • დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 5.3%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 4.28 პ.პ.-ით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (6.3%) და სასმელებზე (5.6%)
  • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 3.7%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.39 პ.პ.-ით იქონია გავლენა 
  • წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 6.8%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.21 პ.პ.-ით იქონია გავლენა