თბილისი (GBC) – საფრანგეთის სამხრეთით, ულამაზესი სოფელი ბარჟოლი მდებარეობს. სხვა ფრანგული სოფლებისგან განსხვავებით, აქ მხოლოდ 3 000 ადამიანი ცხოვრობს და მათი ძირითადი ნაწილი უფროსი თაობის ფრანგებისგან შედგება, სხვა ეროვნების ადამიანს აქ ვერ შეხვდებით, ერთი გამონაკლისის გარდა. სამი წლის წინ აქ ერთი ქართული ოჯახი დასახლდა, ეს ადგილობრივებისთვის დიდი სიურპრიზი  და საკმაოდ უცნაური მოვლენა იყო. სოფოს და კახას 3 მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ, ამ მხარეში საცხოვრებლად ფრანგი მეგობრების რეკომენდაციით გადავიდნენ –  ხელმისაწვდომი ფასები პროდუქტებზე, უფასო სკოლა, წრეები, ეკოლოგიური გარემო და ქირის დაბალი ფასები (რაც საფრანგეთის პროვინციებისთვის არც თუ ისე დამახასიათებელია) იყო მთავარი ფაქტორი მათი ბარჟოლში გადასასვლელად. 

აქ სახლის ქირის ფასები დაახლოებით თბილისის ფასებს უტოლდება, როგორც მოგვეხსენება, ევროპაში ქირა ძალიან ძვირია. კახა ბარჟოლსა და მიმდებარე სოფლებში ხელოსნად მუშაობს, როგორც შიდა, ასევე გარე სამუშაოზე მოთხოვნა დიდია და და საქმეც თითქმის სულ აქვს. კახას თქმით, სოფელი ძალიან ჰგავს ჩვენს ქართულ სოფლებს თავისი სპეციფიკითა თუ ტრადიციებით, როდესაც ერთი ოჯახი გადადის საცხოვრებლად სხვაგან, მთელი სოფლის კაცები დასახმარებლად იკრიბებიან და შემდეგ ეს ოჯახი დიდი სუფრით უმასპინძლდება მათ, ეს ერთგვარი სამადლობელი ჟესტია.

ბარჟოლი საფრანგეთის ერთ-ერთი უძველესი სოფელია, რომელიც XI საუკუნით თარიღდება, ეს პატარა სოფელი განთქმულია თავისი სიძველით, ქუჩებში სეირნობისას, ძველი ფრანგული ფილმის გმირად იგრძნობთ თავს და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აღივსებით. სოფელი უნიკალურია იმით, რომ საუკუნეების განმავლობაში არსებობდა ტყავის საწარმოები, სადაც ტყავს ადგილობრივი მოსახლეობა ამუშავებდა. ეს იყო პირველი სოფელი მთელ ევროპაში, სადაც ტყავის წარმოება და შემდგომ რეალიზაცია ხდებოდა. დღეს კი საწარმოები სრულად უფუნქციო და მიტოვებულია. ტყავის რეალიზაცია მეცხრამეტე საუკუნეში შეწყდა, მაშინ როცა იაფფასიანი ტყავი გამოჩნდა აფრიკიდან. ამას გარდა, ბარჟოლი და მისი შემოგარენი ღვინის კულტურითაა ცნობილი, ფრანგული „როზე“-ს წარმოება (Rose de Provence) და რეალიზაცია სწორედ ამ მხარეში ხდება. ფრანგული ღვინო ერთ-ერთი სახელგანთქმულია მთელს მსოფლიოში, სწორედ ამ უნიკალურ სოფელში გაქვთ შესაძლებლობა დააგემოვნოთ ადგილობრივი როზე – ბოთლის ფასები 5 ევროდან იწყება და 100 ევრომდე მერყეობს. აღსანიშნავია, რომ იაფად ნაყიდ და ძვირიან ღვინოს შორის, გემოს თვალსაზრისით, განსხვავება ძალიან მცირეა, თვალდახუჭული ვერც მიხვდებით რა ფასიან ღვინოს აგემოვნებთ.

სოფელში სულ რამდენიმე მარკეტია, ფასები საფრანგეთის სხვა მხარეებთან შედარებით საკმაოდ ხელმისაწვდომია, აქ ყოველდღიურად საჭირო პროდუქტების მომარაგებას უპრობლემოდ შეძლებთ. სოფლისთვის დამახასიათებე

ლია საცხობები და პატარა კაფეები. ადგილობრივი საცხობებიდან ფრანგული ბაგეტისა და კრუასანის სურნელი ყოველ დილას გაგაბრუებთ. თითოეული პროდუქტის ფასი საცხობებში 2 დან 9 ევრომდე მერყეობს. რაც შეეხება ადგილობრივ სამზარეულოს, ბარჟოლელი ოჯახები ტიპურ ფრანგულ კერძებს ამზადებენ. რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ, ერთ-ერთი კერძია Coq au Vin – ეს ღვინოში ჩახარშული ქათამია, სოკოთი და ხახვით. ასევე Boeuf Bourguignon- საქონლის ხორცი წითელ ღვინოში. მათი სამზარეულოდან გამომდინარეც მიხვდებით ფრანგული ღვინის მნიშვნელობაზე მათ ყოველდღიურობაში.

სოფელი განთქმულია უამრავი შადრევნით,  სადაც საუკუნეების წინ მოსახლეობა სარეცხს რეცხავდა, დღეს კი ზაფხულის ცხელ დღეებში გრილდებიან ადგილობრივი ბავშვები. ბარჟოლში 40-მდე შადრევანს შეხვდებით, ამდენი შადრევნის საჭიროებაც სწორედ ტყავის რეალიზაციის გამო გაჩნდა, რაზეც ზემოთ გესაუბრეთ. სოფელი  იმ დროს, ტყავის რეალიზაციის  მთავარ ცენტრს წარმოადგენდა. ამინდი მუდამ მზიანი და თბილია, რაც ტურისტებს ხელს უწყობს სოფლის უკეთ აღმოჩენაში.

სოფელი ძირითად ხელოვანი ადამიანებითაა დასახლებული, მსახიობები, მუსიკოსები, მხატვრები. მოგზაურობისას შეხვდებით რამდენიმე გალერეას, სადაც ადგილობრივებს თავიანთი ნამუშევრები სარეალიზაციოდ აქვთ გამოტანილი. უძველესი ტყავის საწარმოების რამდენიმე შენობა მხატვრებს სახელოსნოებად აქვთ გადაკეთებული. სოფელში სტუმრობისას  შეგრძნება გაქვთ, რომ ხელოვნების ნაწილი ხართ, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ახლოს ხართ ხელოვნებასთან.

სოფლის რიტმი საკმაოდ ნელია, თითქოს არავის არსად ეჩქარება და აგვიანდება, აქვთ ნაკლები სტრესი. თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს ავტომობილი, აქედან გამომდინარე სამოქალაქო ტრანსპორტი დღეში მხოლოდ ორჯერ დადის, თუ რაიმე საქმე გაქვთ გვერდით სოფელში და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გიწევთ მგზავრობა, ეს დღის 12 საათამდე უნდა მოასწროთ.

ბარჟოლში ყოველ კვირა დღეს ბაზრობა იმართება, სადაც ადგილობრივებს სხვა და სხვა ნივთები აქვთ სარეალიზაციოდ ქუჩაში გამოტანილი. ასევე იმართება  კონცერტები, სადაც მთელი სოფლის მოსახლეობა იყრის თავს.

სოფლის მთავარ კულტურულ ძეგლს ღვთისმშობლის ტაძარი წარმოადგენს, რომელიც XI საუკუნით თარიღდება, მაგრამ მისი რესტავრაციის შედეგად ტაძარმა გარკვეულწილად დაკარგა ძველებური იერსახე, თუმცაღა ის მაინც ინარჩუნებს ძველებურ ეშხს.

ქუჩაში სეირნობისას, უძველეს სატუსაღოს გადააწყდებით, სადაც XI საუკუნეში პატიმრები იხდიდნენ სასჯელს, გვერდით კი სასამართლო იყო, სოფელი უამრავ იდუმალ ამბავს ინახავს, რომელსაც ქუჩაში სეირნობისას თითქოს გამვლელიც გრძნობს, ქუჩები ძველ ამბებს მოგვითხრობს და გვაბრუნებს საუკუნეების წინ. მოგზაურებს, ვისაც ახალი, საინტერესო ლოკაციების აღმოჩენა გსურთ, ეს ადგილი სწორედ თქვენთვისაა.

ავტორი: ანნა კარდენახიშვილი, პრაქტიკანტი.

საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტი.