თბილისი (GBC) - "თიბისი კაპიტალი" ქართული ღვინის სექტორის 2025 წლის პირველი 9 თვის მიმოხილვას აქვეყნებს და წერს, რომ ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების სტრუქტურა ნაწილობრივ დივერსიფიცირებულია, თუმცა კვლავ ძლიერადაა დამოკიდებული რუსეთზე.

ევროკავშირში ქართული ღვინის ექსპორტი კვლავ იზრდება — 2025 წლის 9 თვეში 13%-ით. ექსპორტის ფასები ევროკავშირში სტაბილურად უფრო მაღალია, ვიდრე გლობალურად და რუსეთში.

ევროკავშირში ქართული ღვინის ექსპორტის ფასები საკმაოდ განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. შედარებით მაღალი ფასები ისეთ ბაზრებზეა მიღწეული, როგორიცაა გერმანია და ჩეხეთი, მაშინ როცა პოლონეთი კვლავ დაბალი ფასის მაგრამ ექსპორტის მაღალ მოცულობის მქონე დანიშნულების ადგილად რჩება.

"თიბისი კაპიტალი" წერს, რომ რუსეთი კვლავ რჩევა ქართული ღვინის ძირითად საექსპორტო ბაზრად – 2024 წელს მისი წილი მთლიანი ექსპორტში 66%-მდე გაიზარდა და ქართული ღვინო, რუსეთის ღვინის იმპორტის 26%-ს შეადგენდა.

ამასთან, საქართველომ გააძლიერა თავისი პოზიცია, როგორც წამყვანმა მომწოდებელმა რუსეთის ბაზარზე, საშუალო ფასის სეგმენტში კონკურენტუნარიანი შეთავაზებებით — საშუალო იმპორტის ფასებით კვლავ ჩამოუვარდება იტალიას, პოლონეთსა და ლატვიას.

საქართველოს ღვინის ექსპორტი ცენტრალურ აზიაში სტაბილურად იზრდება - განსაკუთრებით სწრაფად მზარდი ბაზარია - უზბეკეთი.

ცენტრალური აზიის ქვეყნების ღვინის იმპორტში საქართველოს წილი სტაბილურად იზრდება - კონკრეტული ფასებით, რომლებიც უმეტეს ქვეყნებში ბაზრის საშუალო მაჩვენებლებს ემთხვევა ან ნაკლებია, რაც კიდევ უფრო ზრდის ქართული ღვინის მიმზიდველობას ამ სწრაფად მზარდ ბაზრებზე.
