თბილისი (GBC) - საქართველოში ღვინის ბაზრის მთავარი მოთამაშეები მმართველ პარტიასთან და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირები არიან. ამავე დროს, მათი კომპანიები ყველაზე მეტად ხეირობენ ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების ზრდისგან, ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო საკუთარ კვლევაში წერს. მათი თქმით, ერთის მხრივ, ეს კომპანიები ქვეყნის ბიუჯეტიდან იღებენ ათობით მილიონ ლარის სუბსიდიებს და სანაცვლოდ, მათი მფლობელები მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველები არიან.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის კონკრეტული მიგნებებიდან აღსანიშნავია შემდეგი:

  • 2017-2023 წლებში, სახელმწიფოს აგროპროექტებიდან ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა 169 მლნ ლარის დაფინანსება მიიღეს, საიდანაც 74 მლნ ლარი იმ კომპანიებზე განაწილდა, რომელთა მფლობელებს და/ან მმართველებს „ქართულ ოცნებაზე“ აქვთ ფული შეწირული. მათ ჯამში 6.1 მლნ ლარი აქვთ შეწირული „ქართულ ოცნებაზე“;
  • 20 ღვინის კომპანიიდან, რომლებმაც სახელმწიფოსგან ყველაზე მეტი სუბსიდია მიიღეს (ჯამში 64 მლნ ლარი), 15 კომპანია „ქართული ოცნების“ შემომწირველია. მათ შორის, 11.5 მლნ ლარი მიიღო ორმა კომპანიამ, რომელთა მფლობელები ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი და პარლამენტარი ზაალ დუგლაძეა. 4 კომპანიის მფლობელი, რომლებმაც ჯამში 19.4 მლნ ლარი მიიღეს, ბიძინა ივანიშვილი დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნეს პარტნიორი, ვახტანგ კარიჭაშვილია.
  • 10 კომპანიიდან, რომლებმაც 2023 წელს რუსეთში ყველაზე მეტი ღვინო გაიტანეს, 8 კომპანია „ქართულ ოცნების“ შემომწირველია. მათ შორის არის ბიძინა ივანიშვილის ძმის 2 კომპანია და უჩა მამაცაშვილის ბიზნეს პარტნიორის 2 კომპანია.
  • 2023 წელს საქართველოში 221 ათასი ტონა ყურძნის მოსავალი მოვიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 23%-ით ნაკლებია. თუმცა, ბოლო 10 წელში მოსავალი 28%-ით არის გაზრდილი;
    მიუხედავად იმისა, რომ ყურძნის საბაზრო (ნომინალურ) ფასს ზრდის ტენდენცია აქვს, მისი რეალური ფასი (ინფლაციის გათვალისწინებით) მცირდება;
  • ბოლო 10 წელში ღვინის ექსპორტს აშკარად გამოხატული ზრდის ტენდენცია აქვს, რაც ძირითადად რუსეთის ბაზარმა განაპირობა;
  • 2023 წელს ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი 65% იყო, რაც 2006 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რუსეთის შემდეგ ღვინის ექსპორტში ყველაზე მაღალი წილი ევროკავშირს უჭირავს 12%-ით;
    2023 წელს საქართველომ ღვინო 66 ქვეყანაში გაიტანა, სადაც რუსეთი ერთი ლიტრის საშუალო ფასით (2.7 დოლარი) 61-ე ადგილზეა. მსხვილი ბაზრებიდან ლიტრი ქართული ღვინის საშუალო ფასი ყველაზე მაღალი აშშ-ია - 6.2 დოლარი;
  • ბოლო 10 წელში ექსპორტირებული ქართული ღვინის საშუალო ფასი (დოლარში) 26%-ით არის შემცირებული. მსხვილი საექსპორტო ბაზრებიდან ფასის ზრდის ტენდენცია მხოლოდ აშშ-ში ფიქსირდება.

შესავალი

ღვინის წარმოება საქართველოში მხოლოდ ეკონომიკური საქმიანობა არ არის. მას მნიშვნელოვანი ისტორიული, ტრადიციული და კულტურული დანიშნულება აქვს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართულმა ღვინომ პოლიტიკური დატვირთვაც შეიძინა. საბჭოთა კავშირის სისტემური მოწყობიდან გამომდინარე, ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთი იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს დამოკიდებულება შენარჩუნდა, რაც რუსეთის ხელში პოლიტიკური ზეწოლის და შანტაჟის იარაღად იქცა. როდესაც რუსეთისთვის საქართველოს საგარეო კურსი მიუღებელი ხდება, პირველ რიგში ღვინის ექსპორტის შეჩერებით იმუქრება. 2006 წელს ეს მუქარა აღასრულა კიდეც.

გარდა პოლიტიკური დატვირთვისა, საქართველოში ღვინის წარმოებას მნიშვნელოვანი ეკონომიკური დატვირთვაც აქვს. მევენახეობა-მეღვინეობა კახეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. შესაბამისად, ყურძნის და ღვინის რეალიზებაში შექმნილი პრობლემები ყველაზე მეტად კახეთის მოსახლეობას აზარალებს. ამასთან, ქართული ღვინო არის ის პროდუქტი, რაშიც საქართველოს სხვა ქვეყნებთან შედარებით უპირატესობა აქვს და შეუძლია, ღვინის ექსპორტით მნიშვნელოვანი შემოსავალი მიიღოს. 2023 წელს ღვინის ექსპორტით საქართველო მსოფლიოში მე-19 ადგილზე იყო. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, რა ტენდენციებია საქართველოში ყურძნის და ღვინის წარმოებაში, როგორ იცვლება ქართული ღვინის ფასი, რამდენად დივერსიფიცირებულია ღვინის საექსპორტო ბაზარი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და სხვა ორგანიზაციების ბოლო წლებში გამოცემული კვლევები აჩვენებს, რომ ღვინის წარმოებაში ძირითადად ხელისუფლებასთან დაახლოებული მსხვილი ბიზნესია ჩართული. აქედან გამომდინარე, შევისწავლეთ, რომელი კომპანიები იღებენ მთავრობის მიერ მეღვინეობის სფეროზე გამოყოფილ სუბსიდიებს, რომელიც წლიურად სულ მცირე 100 მლნ ლარია.

ყურძნის მოსავალი და ფასი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში ვენახი 42.1 ათას ჰექტარზე იყო გაშენებული, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 14%-ით მეტია.

2023 წელს საქართველოში 221 ათასი ტონა ყურძნის მოსავალი მოვიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 23%-ით ნაკლებია. მოსავლის რეკორდული მაჩვენებელი - 317 ათასი ტონა 2020 წელს დაფიქსირდა. ზოგადად, ყურძნის მოსავალი მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ამინდთან და შესაბამისად მერყეობს, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ზრდის ტენდენცია აქვს, 2019-2023 წლებში საშუალო წლიური მოსავალი 278 ათასი ტონა იყო, ხოლო 2014-2018 წლებში 197 ათასი ტონა.

2014-2023 წლებში საქართველოში წარმოებული ყურძნის 74% კახეთზე მოდის. 2023 წელს ყურძნის მოსავლის 79% მოდიოდა კახეთზე, 10% იმერეთზე, 3% შიდა ქართლზე და 8% დანარჩენ რეგიონებზე ნაწილდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს კახეთში ყურძნის მოსავალი 21%-ით შემცირდა, ბოლო 10 წელში მოსავლის ზრდის გამოკვეთილი ტენდენცია მხოლოდ კახეთშია.

საქსტატის აქვეყნებს ინფორმაციას რა ღირს 1 კგ ყურძენი ფერმის კართან, ანუ საშუალოდ რა ფასად ხდება ფერმერებისგან ყურძნის შესყიდვა. ბოლო 10 წელში, საქართველოში 1 კგ ყურძნის საშუალო ფასი ფერმის კართან 1.09 თეთრი იყო. 2014 წელს 1 კგ ყურძენი საშუალოდ 1.25 თეთრი ღირდა. მომდევნო წელს ყურძნის ფასი 38%-ით დაეცა, რაც ძირითადად ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვნად შემცირებამ განაპირობა. 2016 წლიდან ყურძნის საბაზრო ფასს ზრდის ტენდენცია აქვს და 2023 წელს 1 კგ ყურძენი საშუალოდ 1.28 თეთრი ღირდა.

მიუხედავად იმისა, რომ ყურძნის საბაზრო (ნომინალურ) ფასს ზრდის ტენდენცია აქვს, მისი რეალური ფასი მცირდება. რეალური ფასი არის საბაზრო ფასს გამოკლებული ინფლაციის დონე, რაც ფულის მსყიდველობით უნარს კარგად ასახავს. ეს ნიშნავს, რომ 2023 წელს 1 კგ ყურძენში აღებულ 1.28 თეთრი რეალურად უფრო ნაკლებია, ვიდრე მაგალითად, 2020 წელს აღებული 1.04 თეთრი. შესაბამისად, თუ ფერმერი უფრო მეტ ყურძენს არ ყიდის, ფასი მხოლოდ მის ნომინალურ შემოსავალს ზრდის, რეალურად კი მისი შემოსავალი მცირდება. 2020 წელს ტონა ყურძენში აღებულ 1,040 ლარს მეტი მსყიდველობითი უნარი ჰქონდა, ვიდრე 2023 წელს ტონა ყურძენში აღებულ 1,280 ლარს.

ღვინის ექსპორტი

ყურძნის ნატურალური ღვინო საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო საქონელია. 2023 წელს ექსპორტზე 259 მლნ დოლარის ქართული ღვინო გავიდა. მისი წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში (რეექსპორტის გარეშე) 9.2% იყო და მხოლოდ სპილენძის მადნებს და კონცენტრატებს ჩამორჩებოდა.

ბოლო 10 წელში ღვინის ექსპორტს აშკარად გამოხატული ზრდის ტენდენცია აქვს, 45%-ით გაიზარდა. ღვინის ექსპორტი 2010-2012 წლებშიც იზრდებოდა, მაგრამ მნიშვნელოვნად 2013-2014 წლებში გაიზარდა, როდესაც რუსეთმა ქართულ ღვინოზე დაწესებული ემბარგო მოხსნა. 2015-2016 წლებში რუსეთში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო ქართული ღვინის ექსპორტის ჯამური მოცულობა 37%-ით შემცირდა. 2017 წლიდან ისევ ზრდის ტენდენციას დაუბრუნდა და მაქსიმალურ მაჩვენებელს - 259 მლნ დოლარს 2023 წელს მიაღწია. თუმცა, მოცულობის მიხედვით ექსპორტზე რეკორდული რაოდენობა 2022 წელს გავიდა - 102 ათასი ტონა. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს ღვინის ექსპორტის ჯამური ღირებულება 2.6%-ით გაიზარდა, მოცულობა 12%-ით შემცირდა და 90 ათასი ტონა შეადგინა. მოცულობის კლების პარალელურად ჯამური ღირებულების ზრდა ღვინის უფრო ძვირად გაყიდვამ განაპირობა.

ღვინის ექსპორტში პირველ ადგილზე რუსეთია. 2023 წელს რუსეთში 168 მლნ დოლარის ღვინო გავიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 4.6%-ით მეტია. 2006 წლამდე რუსეთის ბაზარს ქართული ღვინის ექსპორტში 80% ეკავა. 2006 წლის მარტში რუსეთმა ქართული ღვინის იმპორტი აკრძალა. 2006-2007 წლებში ღვინის ექსპორტი 3-ჯერ შემცირდა, თუმცა მომდევნო წლებში ზრდა დაიწყო და 2012 წელს 2005 წლის მაჩვენებელს 20%-ით ჩამორჩებოდა. 2012 წელს რუსეთში ქართული ღვინო არ გადიოდა, ექსპორტის თითქმის ნახევარი უკრაინაზე მოდიოდა.

2013 წლიდან, როდესაც ქართულ ღვინოს რუსული ემბარგო მოეხსნა, რუსულ ბაზარზე ექსპორტი სწრაფად გაიზარდა. 2013 წელსვე მთლიანი ექსპორტის 44% შეადგინა, 2014 წელს კი 62% იყო. მომდევნო წლებში რუსული ბაზრის წილი 7% პუნქტით შემცირდა, თუმცა, 2022 წლიდან ისევ გაიზარდა და მაქსიმუმს - 65%-ს 2023 წელს მიაღწია. რუსეთის ბაზრის წილის ზრდა უკრაინაში ექსპორტის მნიშვნელოვნად შემცირებამაც განაპირობა.

2024 წლის 1 მაისიდან რუსეთმა იმპორტირებულ ღვინოზე აქციზის გადასახადი 3-ჯერ გაზარდა (0.4 დოლარიდან 1.2 დოლარამდე). გადასახადის მოსალოდნელი ზრდა წლის დასაწყისიდან იყო ცნობილი, ამიტომ ქართული ღვინის ექსპორტიორები ეცადნენ მაისამდე მოესწროთ რუსეთში მარაგების შექმნა. შედეგად, იანვარ-აპრილში, 2023 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით, რუსეთში ღვინის ექსპორტი თითქმის 2-ჯერ გაიზარდა, მაისში კი 3-ჯერ შემცირდა. რუსეთმა გადასახადი ადგილობრივი წარმოების დაცვის მიზნით გაზარდა და ამ პოლიტიკის მომავალში გაგრძელებას აპირებს, რაც ქართულ ღვინოზე მოთხოვნას შეამცირებს.

რუსეთის შემდეგ ღვინის ექსპორტში ყველაზე მაღალი წილი ევროკავშირს უჭირავს 12%-ით. ევროკავშირში ქართული ღვინის ექსპორტს ზრდის ტენდენცია აქვს, ბოლო 10 წელში თითქმის 3-ჯერ გაიზარდა და 2023 წელს 31 მლნ დოლარი შეადგინა. რუსეთის, ევროკავშირის და უკრაინის გამოკლებით, სხვა ქვეყნების წილი ღვინის ექსპორტში 18%-ია. შედარებისთვის, სხვა ქვეყნების წილი 2012 წელს 44% იყო, რაც ღვინის საექსპორტო ბაზრის მეტ დივერსიფიცირებას აჩვენებდა.

ექსპორტის მოცულობასთან ერთად მნიშვნელოვანია ექსპორტირებული ღვინის საშუალო ფასი. 2023 წელს საქართველომ ღვინო 66 ქვეყანაში გაიტანა და ქართული ღვინის ყველაზე მსხვილმა ბაზარმა, რუსეთმა, ერთი ლიტრის საშუალო ფასით 61-ე ადგილი დაიკავა. 2023 წელს საქართველომ რუსეთში ერთი ლიტრი ღვინო საშუალოდ 2.7 დოლარად გაყიდა. ყველაზე ძვირად - ლიტრი 33 დოლარად ქართული ღვინო სინგაპურში გაიყიდა, სადაც 2023 წელს 11 ტონის ექსპორტი განხორციელდა. შემდეგ მოდის ისლანდია, სადაც ერთი ლიტრის საშუალო ფასი 13 დოლარი იყო და ტაივანი, სადაც საშუალო ფასი 12 დოლარი იყო. ყველაზე იაფად ქართული ღვინო აფრიკის ორ ქვეყანაში ნიგერიაში და ნიგერიში გაიყიდა, შესაბამისად 1.9 და 2.3 დოლარად. ამ ორ ქვეყანაში 2023 წელს ჯამში 20 ტონა ქართული ღვინო შევიდა.

შედარებით მსხვილი ბაზრებიდან აღსანიშნავია აშშ, სადაც 2023 წელს 907 ტონა ქართული ღვინო გაიყიდა და ლიტრის საშუალო ფასმა 6.2 დოლარი შეადგინა. აშშ მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ღვინის საიმპორტო ბაზარია. 2022 წელს აშშ-ში 7.7 მლრდ დოლარის ღვინის იმპორტი განხორციელდა. შედარებისთვის, რუსეთში ამავე წელს 9-ჯერ ნაკლები, 887 მლნ დოლარის ღვინის იმპორტი განხორციელდა. თუმცა, რუსული ბაზარი საქართველოსთვის ახლო და ტრადიციული ბაზარია, სადაც ქართული ღვინოს კარგად იცნობენ.

რაც შეეხება ევროკავშირს, 2023 წელს ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო ფასმა 3.1 დოლარი შეადგინა. ევროკავშირის ქვეყნებს შორის ქართულ ღვინოზე მნიშვნელოვნად განსხვავებული ფასებია. ყველაზე დაბალი საშუალო ფასი პოლონეთშია - ლიტრზე 2.5 დოლარი, ხოლო ყველაზე მაღალი ირლანდიაშია - 11 დოლარამდე. ამავე დროს, პოლონეთზე ევროკავშირში შეტანილი ქართული ღვინის 60% მოდის და შესაბამისად, პოლონეთის ფასები ევროკავშირში ქართული ღვინის საშუალო ფასს მნიშვნელოვნად ამცირებს. 2023 წელს, პოლონეთის შემდეგ, საქართველომ ყველაზე მეტი ღვინო ლატვიაში - 1,147 ტონა (ლიტრის საშუალო ფასი 3.6 დოლარი) და გერმანიაში - 991 ტონა (ლიტრის საშუალო ფასი 4.7 დოლარი) გაყიდა.

2023 წელს დაფიქსირებულ ფასებზე არანაკლებ საინტერესოა, ფასის რა ტენდენციებია ქართული ღვინის მსხვილ საექსპორტო ბაზრებზე. 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, ლიტრი ექსპორტირებული ქართული ღვინის საშუალო ფასი 16%-ით გაიზარდა და 2.9 დოლარი შეადგინა, თუმცა ბოლო 10 წელში საშუალო ფასი 26%-ით არის შემცირებული. 2014 წელს ლიტრი ქართული ღვინოს საშუალო ფასი 3.9 დოლარი იყო. ფასის კლების მიზეზი ლარის გაუფასურება და საერთო ექსპორტში იმ ქვეყნების წილის ზრდაა (მაგალითად, რუსეთი), სადაც ქართული ღვინო შედარებით იაფი ღირს.

ბოლო 10 წელში, მსხვილი საექსპორტო ბაზრებიდან ფასის ზრდის ტენდენცია მხოლოდ აშშ-ში ფიქსირდება. 2014 წლის შემდეგ, ლიტრი ქართული ღვინო აშშ-ში 23%-ით არის გაძვირებული. ყველა სხვა მსხვილ ბაზარზე დოლარში გამოხატული ქართული ღვინის ფასი საშუალოდ 26%-ით შემცირდა. თუმცა, ლარის კურსის ზრდის გამო, ლარში გამოხატული ფასი სტაბილურია.

საქსტატმა მოგვაწოდა ინფორმაცია იმ კომპანიებზე, რომლებსაც ყველაზე მეტი ღვინო გააქვთ რუსეთში. თუმცა, კონკრეტულად რამდენი დოლარის შემოსავალი მიიღეს რუსეთში ღვინის გაყიდვიდან, ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.

10 კომპანიიდან, რომლებმაც 2023 წელს რუსეთში ყველაზე მეტი ღვინო გაიტანეს, 8 კომპანია „ქართულ ოცნების“ შემომწირველია. კომპანიის მფლობელებს და მმართველებს სახელისუფლებო პარტიისთვის 1.8 მლნ ლარი აქვთ შეწირული. ამავე დროს, 2 კომპანიაში მესაკუთრეები არიან ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ ზაალ დუგლაძე. 2 კომპანიის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორი ვახტანგ კარიჭაშვილია.

2021-2022 წლებშიც ფაქტობრივად იგივე კომპანიების იყვნენ რუსეთში ქართული ღვინის უმსხვილესი ექსპორტიორები. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ 2021-2022 წლებში 10 უმსხვილეს ექსპორტიორში ხვდებოდა შპს „ქართული ღვინის სახლი“, ხოლო 2021 წელს შპს „მარნისკარი“. შპს „ქართული ღვინის სახლის“ მფლობელებს 163 ათასი ლარი აქვთ შეწირული „ქართულ ოცნებაზე“, ხოლო შპს „მარნისკარის“ მფლობელებს 437 ათასი ლარი.

კომპანიები, რომლებმაც 2023 წელს რუსეთში ყველაზე მეტი ღირებულების ქართული ღვინო შეიტანეს.

რთველის სუბსიდირება

2014-2023 წლებში რთველის სუბსიდირებაზე 500 მლნ ლარამდე დაიხარჯა. მთავრობა აფინანსებს ღვინის მწარმოებელ კომპანიებს, რომ მათ ყურძენი საბაზროზე მაღალ ფასად ჩაიბარონ. ბოლო წლებში 1 კგ ყურძნის ფასის სუბსიდირება 20-35 თეთრის ფარგლებში მერყეობს. მაგალითად, 2023 წელს რქაწითელის და კახური მწვანეს 1 კგ ყურძენზე სუბსიდია 20 თეთრი იყო. სუბსიდიის მისაღებად კომპანიას სულ მცირე 100 ტონა ყურძენი უნდა შეესყიდა, მინიმუმ 90 თეთრად.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2022 წლის აპრილში გამოაქვეყნა კვლევა 2021 წლის რთველის სუბსიდირებასთან დაკავშირებით, სადაც აშკარად ჩანდა, რომ მმართველი პარტიის შემწირველი და მაღალი თანამდებობის პირებთან კავშირში მყოფი კომპანიები უპირატესობით სარგებლობდნენ. ამჯერად „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეისწავლა, რომელმა კომპანიებმა მიიღეს თანხები 2022 და 2023 წლის რთველის სუბსიდირების ფარგლებში.

2022 წელს 105-მა კომპანიამ მიიღო სახელმწიფო დაფინანსება რთველის სუბსიდირების ფარგლებში. სუბსიდირების ჯამურმა თანხამ 96 მლნ ლარი შეადგინა. 105 კომპანიიდან 50 კომპანიის მფლობელები და/ან მმართველები „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან. მათ „ქართულ ოცნებაზე“ 6 მლნ ლარი აქვთ შეწირული.

2022 წელს სუბსიდირებაზე გამოყოფილი 96 მლნ ლარიდან 62 მლნ ლარი სახელმწიფო კომპანიამ, შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ“, ხოლო 24 მლნ ლარი „ქართული ოცნების“ შემომწირველმა კომპანიებმა მიიღეს.

შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ რთველის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი კომპანიაა, რომელიც გამარტივებული შესყიდვებით უფორმებს კომპანიებს კონტრაქტებს სხვადასხვა მომსახურების შესასრულებლად. შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მსხვილი კონტრაქტები ძირითადად „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულ კომპანიებს გაუფორმა, ესენია: შპს „უნივერსალ სპირიტს“, შპს „ყვარლის სარდაფი“, შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, შპს „როქ ლოჯისტიკსი“, შპს „მეღვინეობა კაჭრეთი“, შპს „შატო მუკუზანი“ და შპს „წინანდალი-XXI საუკუნის საუკეთესო ღვინოები“.

10 კომპანია, რომლებმაც რთველის სუბსიდირების ფარგლებში 2022 წელს ყველაზე მეტი თანხა მიიღეს, ლარი:

2023 წელს 91-მა კომპანიამ მიიღო სახელმწიფო დაფინანსება რთველის სუბსიდირების ფარგლებში. სუბსიდირების ჯამურმა თანხამ 25 მლნ ლარი შეადგინა. 91 კომპანიიდან 40 კომპანიის მფლობელები და/ან მმართველები „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან. მათ „ქართულ ოცნებაზე“ 5.5 მლნ ლარი აქვთ შეწირული.

2023 წელს სუბსიდირებაზე გამოყოფილი 25 მლნ ლარიდან 8.8 მლნ ლარი სახელმწიფო კომპანიამ, შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ“, ხოლო 10.2 მლნ ლარი „ქართული ოცნების“ შემომწირველმა კომპანიებმა მიიღეს.

შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ“ გამარტივებული შესყიდვებით მსხვილი კონტრაქტები ძირითადად ისევ „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულ კომპანიებს გაუფორმა.

10 კომპანია, რომლებმაც რთველის სუბსიდირების ფარგლებში 2023 წელს ყველაზე მეტი თანხა მიიღეს, ლარი:

სახელმწიფო პროგრამები

რთველის სუბსიდირების გარდა, ღვინის მწარმოებელი კომპანიები სახელმწიფოსგან ფინანსურ რესურსებს სხვადასხვა საბიუჯეტო პროგრამებიდან იღებენ. ძირითადი დაფინანსების გამცემი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მართავს მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პროგრამას, რომლის ძირითადი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობაა. 2024 წელს მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პროგრამაზე 54 მლნ ლარია გამოყოფილი, ხოლო 2017-2023 წლებში 470 მლნ ლარი დაიხარჯა.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო მართავს ასევე ერთიანი აგროპროექტების პროგრამას. ეს პროგრამა მოიცავს: შეღავათიანი აგროკრედიტებს, აგროდაზღვევას, დანერგე მომავლის, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროექტს და სხვა ქვეპროგრამებს. 2024 წელს აღნიშნულ პროგრამაზე 342 მლნ ლარია გამოყოფილი, 2017-2023 წლებში კი 1.6 მლრდ ლარამდე დაიხარჯა. თუმცა, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პროგრამისგან განსხვავებით, ერთიანი აგროპროექტების პროგრამა მხოლოდ მეღვინეობის დაფინანსებას არ მოიცავს, მასში სოფლის მეურნეობის ყველა დარგი შედის.

ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტომ მოგვაწოდა ინფორმაცია 2017-2023 წლებში რომელმა კომპანიებმა მიიღეს დაფინანსება ერთიანი აგროპროექტების პროგრამიდან. საქსტატის ბიზნეს რეგისტრის დახმარებით, მოვახდინეთ იმ კომპანიების იდენტიფიცირება, რომელთა ძირითადი საქმიანობა ღვინის წარმოებაა.

ერთიანი აგროპროექტების პროგრამიდან 2017-2023 წლებში დახარჯული 1.6 მლრდ ლარიდან ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა 169 მლნ ლარის დაფინანსება მიიღეს. 169 მლნ ლარიდან 74 მლნ ლარი იმ კომპანიებმა მიიღეს, რომელთა მფლობელებს და/ან მმართველებს „ქართული ოცნებისთვის“ აქვთ ფული შეწირული. აღნიშნულ კომპანიებთან დაკავშირებულ პირებს, ჯამში 6.1 მლნ ლარი აქვთ შეწირული „ქართული ოცნებისთვის“.

ერთიანი აგროპროექტების პროგრამიდან ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე გაცემული 169 მლნ ლარიდან 64 მლნ ლარი 20 კომპანიაზე მოდის. აღნიშნული 20 კომპანიიდან 14 „ქართული ოცნების“ შემომწირველია. მათ შორის, 11.5 მლნ ლარი მიიღო ორმა კომპანიამ, რომელთა მფლობელები ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი და პარლამენტარი „ქართული ოცნებიდან“ ზაალ დუგლაძეა. 4 კომპანიის მფლობელი (რომლებმაც ჯამში 19.4 მლნ ლარი მიიღეს), ბიძინა ივანიშვილი დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნეს პარტნიორს, ვახტანგ კარიჭაშვილია.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია კომპანია, რომლებმაც ერთიანი აგროპროექტების პროგრამიდან ყველაზე მეტი თანხა მიიღეს 2017-2023 წლებში:

ერთიანი აგროპროექტების პროგრამის გარდა ღვინის მწარმოებელი კომპანიები ფინანსურ დახმარებას ასევე იღებენ სსიპ „აწარმოე საქართველოდან“. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სსიპ „აწარმოე საქართველოდან“ დაფინანსებული საწარმოების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა, მაგრამ საჭირო ინფორმაცია ვერ მიიღო. შესაბამისად, შეუძლებელია, დავადგინოთ, რომელმა კომპანიებმა მიიღეს დაფინანსება და რა კავშირში არიან ისინი „ქართულ ოცნებასთან“.