თბილისი (GBC) - 2025 წელს, ქართული ღვინის 1 ლიტრის საშუალო საექსპორტო ფასი, 2024 წელთან შედარებით, გაიზარდა და $2.98-ს მიაღწია. 2024 წელს, აღნიშნული მაჩვენებელი $2.91-ს შეადგენდა. ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სტრატეგიულ ბაზრებზე, 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი ყველაზე მაღალია ამერიკის შეერთებულ შტატებში და $6,17-ს შეადგენს, მას მოჰყვება იაპონია - $5,77, სამხრეთ კორეა - $5.26, დიდი ბრიტანეთი - $5.19, გერმანია - $4.73, ჩინეთი - $3.14 და პოლონეთი - $2,5.

„ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად მუშაობს, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ქართული ღვინის ხარისხი, რასაც შესაბამისად უნდა მოჰყვეს საშუალო საექსპორტო ფასის ზრდა. ქართული ღვინო, გლობალურ ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციის პირობებში, აუცილებლად უნდა იყოს განსაკუთრებული, უმაღლესი ხარისხის, უნიკალური თვისებების მატარებელი. ამ ყველაფერზე ზრუნვა უნდა დავიწყოთ ვენახიდან და გავაგრძელოთ წარმოების პროცესში“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ. 

ამასთან, სააგენტოში აღნიშნავენ: საშუალო საექსპორტო ფასის ზრდა მიანიშნებს, რომ ქართული ღვინო თავს იმკვიდრებს პრემიალურ სეგმენტში.