თბილისი (GBC) – გლობალური ხარჯები IT–ზე 2024 წლის ბოლოსთვის 7,5%–ით გაიზრდება და $5,27 ტრილიონს მიაღწევს. ასეთ პროგნოზს ამერიკული კვლევითი კომპანია Gartner აკეთებს. ხარჯების ზრდაზე დიდ გავლენას მოახდენს ხელოვნურ ინტელექტზე მოთხოვნა ამ ტექნოლოგიების დანერგვამ მკვეთრად გაზარდა ხარჯები მონაცემთა დამუშავების ცენტრებზე, მასვე უკავშირდება გარკვეული ხარჯების ზრდა პროგრამულ უზრუნველყოფაზე. საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის BCG მონაცემებით, კომპანიები 2024 წელს განვითარებად ხელოვნურ ინტელექტზე საკუთარი IT-ბიუჯეტების დაახლოებით 4,7%–ს ხარჯავენ. მომდევნო სამ წელიწადში კი ეს მაჩვენებელი შეიძლება 7,6%–მდე გაიზარდოს.

Gartner–ის განახლებული პროგნოზის თანახმად, ხარჯების ზრდას ექსპერტები ყველაზე მეტად მონაცემთა დამუშავების ცენტრებზე ვარაუდობენ – 24,1%–ით წლიურ გამოსახულებაში – $293,1 მილიარდამდე. დატა–ცენტრებზე ხარჯების ზრდა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის დანერგვამ განაპირობა (მოთხოვნის შესაბამისად ქმნის ტექსტებს, ვიდეოს, გამოსახულებებს), რომლისთვისაც აუცილებელია დიდი გამომთვლელი სიმძლავრეები.

ზრდის ტემპით მეორე ადგილზე ექსპერტებმა პროგრამული უზრუნველყოფა დააყენეს – ამ მიმართულებით ხარჯები 12,6%–ით გაიზრდება $1,1 ტრილიონამდე. როგორც Gartner–ში აღნიშნავენ, ზრდის ტემპით მესამე ადგილზეა IT-სერვისები, დაგეგმილი 7,1%–იანი ზრდით, $1,6 ტრილიონამდე. მეოთხეზეა მოწყობილობების სეგმენტი (+5,4%, $730,1 მილიარდამდე), მეხუთეზეა კავშირგაბმულობა – +3%, $1,54 ტრილიონამდე.