თბილისი (GBC) - ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ექსპერტთა ანგარიშში საუბარია, რომ ისრაელმა შაბათს ღამით წარმატებულად მოიგერია ირანის მხრიდან გაშვებული დრონები და რაკეტები. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია უკრაინის დაუცველობა რუსეთის რაკეტებისა და დრონების თავდასხმების წინაშე. 

ექსპერტების თქმით, ისრაელზე დარტყმები ანალოგიური იყო ახლახან რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმებისა. რუსეთის ჯარები ბოლო დროს მსხვილ კომბინირებულ იერიშებს უკრაინაზე ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით, ასევე დრონებით ახორციელებენ.

რას ამბობენ ირანში

რაც შეეხება ირანულ მედიას, ისინი წერენ, რომ ირანიდან ნასროლმა ყველა ჰიპერბგერითმა რაკეტამ სამიზნემდე მიაღწია, გავრცელებული ინფორმაციით დგინდება, რომ ირანული ჰიპერბგერითი რაკეტების სამიზნე ისრაელის სამხედრო ობიექტები იყო. ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა მოჰამედ ბაქერიმ განაცხადა, რომ ირანმა დაარტყა დიდ სადაზვერვო ბაზას და ისრაელის „ნევატიმის“ საავიაციო ბაზას, საიდანაც „ეფ-35“-ის ტიპის თვითმფრინავი აფრინდა დამასკოში ირანის დიპლომატიური შენობების დასაბომბად.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის განცხადებით, ისრაელის რეჟიმი ახალ ზომებს თუ მიიღებს ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ, თეირანს აუცილებლად ექნება ძალიან ძლიერი პასუხი.

დაისჯება თუ არა ისრაელი?

"ისრაელი უნდა დაისაჯოს და დაისჯება" - ეს განცხადება ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ გუშინ, კვირას გააკეთა, მას შემდეგ, როცა ოფიციალურმა თეირანმა ისრაელზე ირანის საკონსულოზე იერიშის შედეგად ირანის რევოლუციური გვარდიის უფროსი მეთაური და კიდევ ექვსი ოფიცერი მოკლეს. მომხდარზე ისრაელს პასუხისმგებლობა არ აუღია.

ისრაელი მზადაა

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კვირას განაცხადა, რომ ისრაელი ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის.

"ვინც არ უნდა მოგვაყენოს ზიანი, ჩვენც პასუხს გავცემთ. ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო კვირებში, ისრაელი ირანის მხრიდან თავდასხმისთვის ემზადება. ჩვენი თავდაცვის სისტემები მზადყოფნაშია, ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ, როგორც თავდაცვისთვის, ისე თავდასხმისთვის. ისრაელის სახელმწიფო ძლიერია. ისრაელის თავდაცვის ძალები ძლიერია", - ნათქვამია  ისრაელის პრემიერის განცხადებაში.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს და სხვა მოკავშირეებს ისრაელის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავარი გეოპოლიტიკური მოთამაშეების პოზიციები

ორშაბათს დილით საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი თავისი შესაძლებლობების ფარგლებში გააკეთებს ყველაფერს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის ესკალაცია.

„ჩვენ დავგმეთ, ჩავერიეთ და ყველაფერს ვიზამთ, რომ თავიდან ავირიდოთ სიტუაციის გამწვავება. ვცდილობთ, დავარწმუნოთ ისრაელი, რომ ჩვენ არ უნდა ვუპასუხოთ ესკალაციით, არამედ საჭიროა ირანის იზოლაცია, რეგიონის ქვეყნების დარწმუნება, რომ ირანი საფრთხეს წარმოადგენს, სანქციების გაზრდა, ზეწოლის გაზრდა ბირთვულ საქმიანობაზე და შემდეგ იპოვეთ გზა რეგიონში მშვიდობისკენ“, – განაცხადა მაკრონმა.

ხოლო, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონი ამ კვირაში აპირებს კენჭისყრაზე დააყენოს ისრაელისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საკითხი. ისრაელზე ირანის თავდასხმის შემდეგ ჯონსონმა ტელეკომპანია Fox News-ს განუცხადა, რომ რესპუბლიკელებს კარგად ესმით ისრაელის მხარდაჭერის აუცილებლობა.

სპიკერს არაფერი უთქვამს უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ, რომელსაც ისრაელის და ტაივანის მხარდაჭერასთან ერთად ითვალისწინებს დემოკრატების მიერ კონტროლირებული სენატის მიერ თებერვალში დამტკიცებული 95-მილიარდიანი პაკეტი. მისთვის კენჭი ამ დრომდე არ უყრია წარმომადგენელთა პალატას, სადაც უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან. მათი ნაწილი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების საკითხის გადაწყვეტას უკავშირებს მექსიკასთან საზღვრიდან მიგრაციის შესაჩერებლად გაცილებით მკაცრი ზომების მიღებას, ვიდრე ამას პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა ტელეკომპანია NBC News-თან ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ წარმომადგენელთა პალატა მხარს დაუჭერს უკრაინის სამხედრო დახმარებასაც.

ABC News-ის ინფორმაციით, სენატში დემოკრატების უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და კონგრესის ლიდერებს შორის 14 აპრილს გამართული სატელეფონო საუბრისას მიღწეულია კონსენსუსი, რომ როგორც ისრაელის, ისე უკრაინის დასახმარებლად სწრაფად მოქმედებაა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ ირანი არის იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებსაც აქვთ ჰიპერბგერითი რაკეტების წარმოების ტექნოლოგია. ამ ტიპის რაკეტებს შეუძლიათ მაღალი სიჩქარით ფრენა და სამიზნეების დიდი სიზუსტით განადგურება.

ამ დროს, საქართველოში, სადაც ე.წ „რუსული კანონის“ ირგვლივ აჟიოტაჟია ატეხილი, ოფიციალურ პირებს, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში ირანისა და ისრაელის კონფლიქტზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.