თბილისი (GBC) – ამერიკული სამთომომპოვებელი საინვესტიციო კომპანია Cove Capital, ყაზახურ „თაუ–კენ სამრუკთან“ ერთად დაამუშავებს „ჩრდილოეთ კაპტარის“ და „ზემო კაირაქტის“ საბადოებს ყაზახეთში, ყარაღანდის ოლქში. ეს მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდესი აუთვისებელი ვოლფრამის საბადოებია, წერს გამოცემა Fergana news.

შესაბამისი შეთანხმება ვაშინგტონში, დონალდ ტრამპის მიწვევით, ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყნის ლიდერების ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, ერთობლივი საწარმოს და ლითონის გაყიდვების 70%–ს Cove Capital გააკონტროლებს, „თაუ–კენ სამრუკი“ კი დანარჩენ 30%–ს.

ყაზახეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე აღნიშნული საბადოების დამუშავების ხარჯი $1,1 მლრდ–ს შეადგენს. აშშ–ისი ექსპორტ–იმპორტის ბანკი დაინტერესდა ამ პროექტის $900 მლნ–ით დაფინანსებით.

ვოლფრამი ფოლადის გამოსადნობად გამოიყენება და აშშ–ში კრიტიკულად მნიშვნელოვან მინერალად არის მიჩნეული. ამერიკელებს ეს ლითონი უკვე 10 წელია, რაც აღარ მოუპოვებიათ. მსოფლიოში მისი უმსხვილესი მომპოვებელი დღეს ჩინეთია.

Cove Capital–ის ხელმძღვანელმა პინი ალტაუსმა REUTERS-ს უთხრა, რომ საბადოს მოწყობა ორი წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს, მოპოვება კი სამ–ნახევარი წლის შემდეგ უნდა დაიწყოს. მისივე თქმით, წიაღისეული ადგილზე, ყაზახეთშივე გადამუშავდება.

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ–ჟომართ თოყაევი ამჟამად ვაშინგტონში იმყოფება, სადაც ის დონალდ ტრამპთან მოსალაპარაკებლად და სამიტში „ცენტრალური აზია – აშშ“ მონაწილეობის მისაღებად ხუთშაბათს ჩავიდა.