თბილისი (GBC) - Reuters–ის ცნობით, ისრაელმა ორშაბათს ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა თეირანზე და გააფართოვა სამხედრო კამპანია ლიბანში ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლას“ მებრძოლების წინააღმდეგ. პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ აშშ-ისრაელის სამხედრო იერიში ირანულ სამიზნეებზე შესაძლოა კვირების განმავლობაში გაგრძელდეს.

ისრაელმა განაცხადა, რომ თავს დაესხა ლიბანელი შიიტი მუსლიმი „ჰეზბოლას“ მებრძოლებთან დაკავშირებულ ობიექტებს, მას შემდეგ რაც დაჯგუფებამ აღიარა რაკეტებისა და დრონების გაშვება ისრაელის მიმართულებით, ირანის უმაღლესი ლიდერის, ალი ხამენეის მკვლელობის გამო შურისძიების მიზნით. ისრაელმა საჰაერო დარტყმები ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზე განახორციელა, რასაც ლიბანის დედაქალაქში ათზე მეტი აფეთქება მოჰყვა.

Reuters–ის ინფორმაციით, „ჰეზბოლასა“ და ისრაელის თავდასხმები აფართოებს კონფლიქტს, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთში მას შემდეგ გავრცელდა, რაც შაბათს აშშ-მა და ისრაელმა ირანზე იერიში მიიტანეს, რამაც ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა და საჰაერო მიმოსვლის შეფერხება გამოიწვია.

თეთრი სახლი: შეტევა შეუფერხებლად გაგრძელდება

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათმა საჰაერო ძალებმა თეირანზე საჰაერო უპირატესობა მოიპოვეს და დარტყმების ტალღა მიმართული იყო დაზვერვის, უსაფრთხოებისა და სამხედრო სარდლობის ცენტრებისკენ.

ორშაბათს დილით აფეთქებების ხმა ისმოდა დუბაიში, დოჰასა და თეირანში. ქუვეითმა განაცხადა, რომ მისმა საჰაერო თავდაცვამ მტრული დრონები ჩამოაგდო. კვიპროსზე მდებარე ბრიტანეთის სამხედრო ბაზა Akrotiri-ზე დრონით თავდასხმა განხორციელდა, თუმცა ზიანი შეზღუდულია და მსხვერპლი არ არის.

თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი გარკვეულ მომენტში დაელაპარაკება ირანის ახალ პოტენციურ ხელმძღვანელობას, სამხედრო კამპანია გაგრძელდება. „პრეზიდენტმა თქვა, რომ ირანის ახალმა ხელმძღვანელობამ გამოთქვა საუბრის სურვილი და ის საბოლოოდ დაელაპარაკება მათ. ამ დროისთვის კი ოპერაცია Epic Fury (ეპიკური რისხვა) შეუფერხებლად გრძელდება“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.

ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ უმაღლესი ლიდერის მოვალეობებს დროებით საბჭო შეასრულებს. თუმცა, ხამენეის მრჩეველმა ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ ქვეყანა ტრამპთან მოლაპარაკებებს არ აპირებს და აშშ-ის პრეზიდენტს „ილუზორულ ამბიციებში“ დასდო ბრალი.

პირველი ამერიკელი მსხვერპლი

კამპანიის განმავლობაში აშშ-ის პირველი დანაკარგები, მათ შორის სამი სამხედრო მოსამსახურის სიკვდილი, კვირას დადასტურდა. აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა, ანონიმურობის პირობით, Reuters-ს განუცხადა, რომ სამხედროები ქუვეითის ბაზაზე დაიღუპნენ.

ტრამპმა პატივი მიაგო სამ დაღუპულს, როგორც „ნამდვილ ამერიკელ პატრიოტებს“, თუმცა გააფრთხილა საზოგადოება, რომ მსხვერპლი სავარაუდოდ კიდევ იქნება. „ეს ასე ხდება“, - თქვა მან.

გახანგრძლივებულმა სამხედრო კამპანიამ შესაძლოა დიდი პოლიტიკური რისკი შეუქმნას ტრამპის რესპუბლიკურ პარტიას აშშ-ის შუალედური არჩევნების წინ, რომელმაც შესაძლოა კონგრესის ბედი გადაწყვიტოს. კვირას ჩატარებული Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების მხოლოდ მეოთხედი უჭერს მხარს ოპერაციას.

თუმცა, კვირას გამოქვეყნებულ ვიდეოში ტრამპი დაჰპირდა, რომ ირანზე სამხედრო დარტყმები გაგრძელდება „სანამ ყველა ჩვენი მიზანი არ იქნება მიღწეული“, კონკრეტული დეტალების დაზუსტების გარეშე. მან თქვა, რომ შეტევამ აქამდე გაანადგურა ირანის სამხედრო სარდლობა, რეჟიმის ცხრა სამხედრო ხომალდი და საზღვაო შენობა.

ამერიკულმა თვითმფრინავებმა და ხომალდებმა შაბათს საომარი მოქმედებების დაწყებიდან მოყოლებული 1,000-ზე მეტ ირანულ სამიზნეს დაარტყეს, განაცხადეს აშშ-ის სამხედროებმა. ტრამპმა მოუწოდა ირანის არმიასა და პოლიციას, მათ შორის გავლენიან „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“, შეწყვიტონ ბრძოლა, დაჰპირდა იმუნიტეტს მათ, ვინც ჩაჰბარდება, ხოლო წინააღმდეგობის გამწევებს „გარდაუვალი სიკვდილით“ დაემუქრა. მან გაიმეორა მოწოდებები ირანელი ხალხისადმი, რომ აჯანყდნენ მთავრობის წინააღმდეგ.

„მოვუწოდებ ყველა ირანელ პატრიოტს, ვისაც თავისუფლება სწყურია, გამოიყენონ ეს მომენტი, იყვნენ მამაცები, გაბედულები, გმირულები და დაიბრუნონ თავიანთი ქვეყანა“, - თქვა ტრამპმა წინასწარ ჩაწერილ ვიდეოში. „ამერიკა თქვენთანაა“.

სხვადასხვა მედიასაშუალებებთან ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ სამხედრო კამპანია ირანის წინააღმდეგ შესაძლოა მინიმუმ ოთხი კვირა გაგრძელდეს.

ეგზისტენციალური გამოწვევა ირანისთვის

Reuters წერს, რომ ხამენეის სიკვდილის შემდეგ ირანი ძალაუფლების ვაკუუმის წინაშე დგას, რამაც შესაძლოა ქვეყანა ქაოსში ჩააგდოს, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციას ქვეყნისთვის გრძელვადიანი მიზნები არ ჩამოუყალიბებია.

ირანის „რევოლუციურმა გვარდიამ“ კვირას განაცხადა, რომ მათ დაარტყეს აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს სამ ნავთობტანკერს ყურესა და ჰორმუზის სრუტეში და თავს დაესხნენ სამხედრო ბაზებს ქუვეითსა და ბაჰრეინში დრონებითა და რაკეტებით. ნაოსნობის მონაცემებმა აჩვენა, რომ ასობით გემმა, მათ შორის ნავთობისა და გაზის ტანკერებმა, ღუზა ჩაუშვეს მიმდებარე წყლებში; ტრეიდერები ორშაბათს ნედლი ნავთობის ფასების მკვეთრ ზრდას ელიან.

გლობალური საჰაერო მიმოსვლა ასევე მნიშვნელოვნად შეფერხდა, რადგან საჰაერო დარტყმების გამო ახლო აღმოსავლეთის უმსხვილესი აეროპორტები დახურული რჩება, მათ შორის დუბაი - მსოფლიოს ყველაზე დატვირთული საერთაშორისო ჰაბი. ეს ბოლო წლების განმავლობაში ავიაციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეფერხებაა. აზიური ავიაკომპანიების აქციების ფასი ორშაბათს დაეცა, ზოგიერთი მსხვილი გადამზიდავის მაჩვენებელი 5%-ზე მეტით შემცირდა.

გაურკვეველი რჩება, როგორია ირანის გრძელვადიანი პერსპექტივები ხელმძღვანელობის აღსადგენად და 86 წლის ხამენეის შესაცვლელად, რომელსაც ძალაუფლება 1989 წლიდან, ისლამური რესპუბლიკის დამფუძნებლის, აიათოლა რუჰოლა ხომეინის სიკვდილის შემდეგ ეჭირა.

ექსპერტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მისი და სხვა ირანელი ლიდერების სიკვდილი ირანისთვის უდიდესი დარტყმაა, ეს სულაც არ ნიშნავს ირანის გამჯდარი სასულიერო მმართველობის ან ელიტური „რევოლუციური გვარდიის“ მოსახლეობაზე გავლენის დასრულებას.

თუმცა, ჯერ კიდევ ნაადრევია იმის თქმა, როგორი იქნება ირანელი ხალხის რეაქცია ცვლილებებზე. ირანული სოციალური მედიის ახალი ანალიზი გლობალური სადაზვერვო ფირმა Redpoint Advisors-ისგან მიუთითებს, რომ საზოგადოება უკვე ხამენეის მიღმა იყურება მისი შემცვლელის ძიებაში.