თბილისი (GBC) - სააგენტო Reuters წერს, რომ კანადის პრემიერ-მინისტრის მარკ კარნის განცხადებით, ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაეთანხმა, რომ 30 დღის განმავლობაში ახალი ეკონომიკური და უსაფრთხოების შეთანხმების მიღწევას უნდა შეეცადონ.
კანადის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ "ამ ორ მხარეს ჯერ კიდევ უამრავი სამუშაო ჰქონდა, სანამ შეთანხმებას შეძლებდნენ".
დონალდ ტრამპი და მარკ კარნი ერთმანეთს ალბერტაში, „დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტის ფარგლებში შეხვდნენ. კანადის პრემიერის ოფისის ცნობით, ლიდერებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია კანადასა და აშშ-ს შორის ახალი ეკონომიკური და უსაფრთხოების შესახებ მოლაპარაკებების დროს წამოჭრილ ძირითად საკითხებზე.
„ამ მიზნით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მოლაპარაკებებს მომდევნო 30 დღის განმავლობაში შეთანხმების მისაღწევად“, - აღნიშნულია კანადის პრემიერის ოფისის განცხადებაში.
მარკ კარნის პრესსპიკერის განმარტებით, განცხადების ფორმულირება ნიშნავს, რომ ორივე მხარეს სურს შეთანხმების მიღწევა მომდევნო 30 დღის განმავლობაში.
G7-ის წევრი სახელმწიფოების: საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, კანადის და იაპონიის და ევროკავშირის ლიდერთა სამიტი კანადაში 15 ივნისს გაიხსნა.
წინასწარი ინფორმაციით, 17 ივნისს, სამიტზე სტუმრის სტატუსით მიწვეული უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უნდა შეხვედროდა.
G7-ის წევრი სახელმწიფოების და ევროკავშირის ლიდერები დღეს აშშ-ის პრეზიდენტის გარეშე იმსჯელებენ უკრაინაში ომსა და რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე.
გუშინ, 16 ივნისს „დიდი შვიდეულის” ლიდერებმა სამიტის პირველი დღის შემდეგ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს: „ჩვენ, G7-ის ლიდერები, ვადასტურებთ ერთგულებას ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ. ამ კონტექსტში, ჩვენ ვადასტურებთ, რომ ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი. ჩვენ კიდევ ერთხელ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას ისრაელის უსაფრთხოების მიმართ. ასევე, ვადასტურებთ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მნიშვნელობას. ირანი რეგიონული არასტაბილურობისა და ტერორის მთავარი წყაროა. ჩვენ მუდმივად ნათლად ვაცხადებდით, რომ ირანს არასდროს შეიძლება, ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ ირანის კრიზისის მოგვარებამ უნდა გამოიწვიოს საომარი მოქმედებების უფრო ფართო დეესკალაცია ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა. ჩვენ ყურადღებას გამოვიჩენთ საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზრებზე მოსალოდნელი შედეგების მიმართ და მზად ვიქნებით კოორდინაციისთვის, მათ შორის მსგავსი შეხედულებების მქონე პარტნიორებთან ბაზრის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“.
CNN წერს, რომ განცხადებამ დონალდ ტრამპის მხარდაჭერა კორექტირების შემდეგ მოიპოვა.