თბილისი (GBC) – პოლონეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური ნაციონალურ–კონსერვატიული პარტიის „სამართალი და სამართლიანობა“ კანდიდატმა კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა, წერს Polsat News. ბიულეტენების 100%–ის დათვლის შემდეგ, მეორე ტურში მან ხმების 50,89% მოიპოვა (10,6 მლნ), ხოლო მისმა კონკურენტმა, ვარშავის მერმა რაფალ ტშასკოვსკიმ – 49,11% (ე10,2 მლნ). ეს უკანასკნელი მმართველი ლიბერალური პარტიის „სამოქალაქო კოალიცია“ კანდიდატი იყო. ამასთან, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამოცხადებულ პირველ ეგზიტპოლებში ტშასკოვსკი მინიმალური სხვაობით ლიდერობდა.

პოლონეთში კვირას, 1–ელ ივნისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩევლის აქტივობამ 72,8% შეადგინა. არჩევნების პირველი ტური 19 მაისს გაიმართა, სადაც ტშასკოვსკიმ ხმათა 31,36%, ხოლო ნავროცკიმ – 29,54% მოიპოვა.

42 წლის ნავროცკი ისტორიკოსია – პოლონეთში ანტიკომუნისტური წინააღმდეგობის მიმართულებით. რუსეთში მასზე ძებნაა გამოცხადებული, პოლონეთის ტერიტორიაზე წითელი არმიის მონუმენტების აღებაში მონაწილეობის გამო. არჩევნების მეორე ტურამდე იგი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის მიწვევის წინააღმდეგ გამოვიდა. „უკრაინის სახელმწიფო ბევრი პროცესისთვის არ არის მზად“, – განაცხადა ნავროცკიმ და ქვეყანაში არსებულ კორუფციაზე გააკეთა მინიშნება. მან იმის პირობაც დადო, რომ თუ არჩევნებში გაიმარჯვებდა, არ დაუშვებდა უკრაინაში პოლონელი სამხედროების გაშვებას, თუნდაც ეს აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სთხოვოს. ამავე დროს, ნავროცკიმ განაცხადა, რომ ომის დამთავრების შემდეგ პოლონეთი „უკრაინის აღდგენის მთავარი ძალა“ უნდა გახდეს.