თბილისი (GBC) - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ლოს-ანჯელესში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელ Truth Social-ზე ეხმაურება და სამართალდამცველებს ნიღბიანი მომიტინგეების დაკავებისკენ მოუწოდებს. „დააკავეთ ნიღბიანი ადამიანები. სასწრაფოდ“, – წერს ტრამპი.

ლოს-ანჯელესის ცენტრში 8-9 ივნისის ღამე შეტაკებების, აფეთქებებისა და ცრემლსადენი გაზის ფონზე მიმდინარეობდა, ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამხედროების გაგზავნის განკარგულება გასცა. ამ გადაწყვეტილებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი, რომელმაც ფედერალური მთავრობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანა დააანონსა.

დონალდ ტრამპმა ეს კრიზისი თავად შექმნა. ძალის გამოყენებით ვითარების განმუხტვას კი არა, მის ესკალაციას ცდილობს“, – განაცხადა ნიუსომმა MSNBC-თან ინტერვიუში. მისი თქმით, ეროვნული გვარდიის გაგზავნა შტატთან შეუთანხმებლად განხორციელდა და ის „არაკონსტიტუციურ და ამორალურ ქმედებად“ მიიჩნია.

დაძაბულობას ხელი შეუწყო ხმების გავრცელებამ, თითქოს ქალაქ პარამაუნტში, Home Depot-ის პარკინგზე საიმიგრაციო რეიდები ტარდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად უარყო, ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

დემონსტრანტებმა ლოს-ანჯელესის ცენტრში გზები გადაკეტეს და ბარიკადები აღმართეს. პოლიციის ინფორმაციით, მათ სამართალდამცველებს ბოთლები, ასაფეთქებლები და სხვადასხვა ნივთები დაუშინეს. საპასუხოდ ძალოვნებს ნებადართული ჰქონდათ ე.წ. „ნაკლებად ლეტალური“ საშუალებების – ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და სხვა იარაღის გამოყენება.

ტრამპმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა პოსტი წარწერით: „ფასიანი ამბოხებულები!“. მოგვიანებით კი გუბერნატორი ნიუსომი და ლოს-ანჯელესის მერი კარენ ბასი ქალაქში მიმდინარე არეულობაში დაადანაშაულა, რასაც, მისი თქმით, პროტესტთან არაფერი აქვს საერთო: „ეს არ არის დემონსტრაცია – ეს არის ამბოხი!“.

მიუხედავად იმისა, რომ Home Depot-ზე რეიდის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა, რეგიონში უკვე დაკავებულია 100-ზე მეტი არალეგალი მიგრანტი. აშშ-ის ხელისუფლების ინფორმაციით, მათ შორის არიან კრიმინალურ ჯგუფებთან დაკავშირებული პირებიც. მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შაინბაუმმა დაადასტურა, რომ დაკავებულთა შორის 35 მექსიკელია.

ამ დროისთვის ლოს-ანჯელესის ცენტრში მოქმედებს უკანონო შეკრების აკრძალვის რეჟიმი. პოლიცია მოქალაქეებს აიძულებს, სასწრაფოდ დატოვონ ტერიტორია. პარალელურად, ფედერალური შენობებისა და პერსონალის დაცვის მიზნით მობილიზებული არიან სამხედროები, მათ შორის 500 საზღვაო ქვეითი.

ლოს-ანჯელესში მიმდინარე არეულობა მოჰყვა 8 ივნისს ტრამპის მიერ გაცემულ ბრძანებას, რის საფუძველზეც კალიფორნიაში ეროვნული გვარდიის 2 000 წევრი გაიგზავნა. ქალაქში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ინფორმაცია უსაბუთო მიგრანტების დაკავებებისა და საიმიგრაციო რეიდების შესახებ. შეტაკებები არამხოლოდ ლოს-ანჯელესის ცენტრში, არამედ მიმდებარე რაიონებში – პარამაუნტსა და კომპტონშიც მოხდა. სამართალდამცველებმა ბოლო ორ დღეში 118 ადამიანი დააკავეს, არიან დაშავებულებიც.

ინფორმაციისთვის, ლოს-ანჯელესის მცხოვრებთა მნიშვნელოვანი ნაწილი ლათინოამერიკელია.

შეერთებული შტატებიდან არალეგალი მიგრანტების გაძევება და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება დონალდ ტრამპის ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო.

პრეზიდენტად ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემდეგ, დეპორტაციას ათასობით მიგრანტი დაექვემდებარა.