თბილისი (GBC) – უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობებიდან რამდენიმე მინისტრის და ვიცეპრემიერის გათავისუფლების კომენტირებისას განაცხადა, რომ ეს ცვლილებები საჭიროა სახელმწიფოს სხვადასხვა მიმართულებით გაძლიერებისთვის. ეს განცხადება ზელენსკიმ ირლანდიის პრემიერ-მინისტრ საიმონ ჰარისთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან გააკეთა.

„მე უკვე ვისაუბრე ჩვენი მინისტრთა კაბინეტის, მრავალი სამინისტროს გადატვირთვაზე, ძალიან მადლობელი ვარ მინისტრების და მინისტრთა კაბინეტის მთელი გუნდის, რომლებიც მუშაობდნენ უკრაინისთვის და უკრაინელებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, დღეს უკრაინას ახალი ენერგია სჭირდება.

„ეს ნაბიჯები დაკავშირებულია ჩვენი სახელმწიფოს სხვადასხვა მიმართულებით გაძლიერებასთან, გამონაკლისი არც საერთაშორისო პოლიტიკა და დიპლომატიაა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მანამდე უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა ოლგა სტეფანიშინას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან გადაყენებას, ალექსანდრე კამიშინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას და ასევე თანამდებობიდან გაათავისუფლა იუსტიციის მინისტრი დენის მალიუსკა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი რუსლან სტრელესი.