თბილისი (GBC) - კუბის მთავრობამ 4 იანვარს განაცხადა, რომ ვენესუელაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციის დროს კუბის 32 მოქალაქე დაიღუპა. კუბაში დაღუპულთა პატივსაცემად 5 და 6 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს.
„პატივი და დიდება გმირ კუბელ მებრძოლებს, რომლებიც დაიღუპნენ იმპერიული ფორმის ტერორისტებთან ბრძოლაში. მათ გაიტაცეს ვენესუელის პრეზიდენტი და მისი მეუღლე, რომელთა სიცოცხლის დაცვაშიც ჩვენ ვეხმარებოდით მოძმე ქვეყნის თხოვნით“, – წერს კუბის პრეზიდენტი მიგელ დიას-კანელი სოციალურ ქსელში.
ამასთან, ტრამპმაც დაადასტურა, რომ ოპერაციის დროს ბევრი კუბელი დაიღუპა.
„იცით, ბევრი კუბელი მოკლეს გუშინ. მცველები. ბევრი დაღუპული იყო მეორე მხარეს. ჩვენს მხარეს დაღუპული არ ყოფილა“, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით, კუბელი მაღალჩინოსნები მადუროსთან ერთად იმყოფებოდნენ ვენესუელაში მის დაკავებამდე.
„სწორედ კუბელები იცავდნენ მადუროს. მას არ იცავდნენ ვენესუელელი მცველები, არამედ იცავდნენ კუბელები“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.
63 წლის მადურო და მისი მეუღლე კილია ფლორესი ამერიკელმა ძალებმა შაბათს, ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში დააკავეს. ახლა ის ნიუ-იორკის დაკავების ცენტრშია გადაყვანილი და ელოდება სასამართლოს, რომელიც დღეს გაიმართება.
აშშ-მ მადუროს ბრალი 2020 წელს წაუყენა, მათ შორის ნარკოტერორიზმის შეთქმულებაში. აღნიშნულ დანაშაულში მონაწილეობას ის ყოველთვის უარყოფდა.