თბილისი (GBC) - ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრზე, დიოსდადო კაბელოზე დაყრდნობით, 7 იანვარს, Reuters წერს, რომ აშშ-ის მიერ ვენესუელაში ჩატარებულ სამხედრო ოპერაციას 100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კარაკასს აქამდე დაღუპულთა რიცხვი არ დაუსახელებია, თუმცა ქვეყნის არმიამ 23 დაღუპულის სია გამოაქვეყნა.

როგორც ვენესუელის ოფიციალური პირები აცხადებენ, ნიკოლას მადუროს უსაფრთხოების სამსახურის დიდი ნაწილი „ცივსისხლიანად“ მოკლეს.

მანამდე, კუბის მთავრობამ 4 იანვარს განაცხადა, რომ ვენესუელაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციის დროს კუბის 32 მოქალაქე დაიღუპა.

ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრის, დიოსდადო კაბელოს თქმით, ვენესუელის ყოფილი ლიდერის მეუღლემ, სილია ფლორესმა, რომელიც მასთან ერთად დააკავეს, აშშ-ის რეიდის დროს თავის ტრავმა მიიღო, თავად მადურომ კი – ფეხის.