თბილისი (GBC) - CNN-ის ინფორმაციით, ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანია Petróleos de Venezuela აცხადებს, რომ ნავთობის მოცულობების გაყიდვის თაობაზე აშშ-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს. 

აღნიშნული განცხადება მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს სიტყვებს, რომლის თანახმადაც, შეერთებული შტატები „ვენესუელის ნავთობის შესყიდვისა და გაყიდვის შესახებ შეთანხმების მიღწევასთან ახლოსაა“.

„ეს თანხა იმგვარად იმართება, რომ ჩვენ გავაკონტროლებთ მის განაწილებას, რათა მან სარგებელი მოუტანოს ვენესუელელ ხალხს და არა კორუფციას ან რეჟიმს“, - განაცხადა რუბიომ.

აშშ-ის მიერ მადუროს დატყვევების შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაციამ გააჟღერა განზრახვა, რომ აქცენტი ვენესუელის ნავთობზე გადაიტანოს და ამ აქტივზე კონტროლი დაამყაროს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებთან ნავთობის მოცულობების გაყიდვის თაობაზე მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობების ფარგლებში მიმდინარეობს.

„ეს პროცესი ისეთივე სქემებით ხორციელდება, როგორიც საერთაშორისო კომპანიებთან, მაგალითად, Chevron-თან მოქმედებს. ის კომერციულ ტრანზაქციას, კანონიერების, გამჭვირვალობისა და ორმხრივი სარგებლის პრინციპების დაცვას ეფუძნება“, – აღნიშნულია ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანიის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

PDVSA-ს ნავთობზე სანქციებს აშშ წლების განმავლობაში აწესებდა, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ოთხშაბათს განაცხადეს, რომ ამ სანქციების ნაწილს გააუქმებდა და ვენესუელური ნედლი ნავთობის გლობალურ ბაზარზე გასაყიდად რეალიზაციას დაიწყებდა. ადმინისტრაციის განცხადებით, ამ გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი აშშ-ის მიერ კონტროლირებად ანგარიშებზე განთავსდება და აშშ-ის მთავრობის შეხედულებისამებრ განაწილდება.

63 წლის მადურო და მისი მეუღლე კილია ფლორესი ამერიკელმა ძალებმა შაბათს, 3 იანვარს, ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში დააკავეს.

5 იანვარს, აშშ-ში, დენიელ პატრიკის სახელობის მანჰეტენის სასამართლოში ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის, სილია ფლორესის სასამართლო პროცესი გაიმართა.

ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ყველა ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მისივე თქმით, ის ვენესუელის პრეზიდენტია და კარაკასში, საკუთარ სახლში დააკავეს. „მე არ ვარ დამნაშავე, მე პატიოსანი ადამიანი ვარ, მე კვლავ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ვარ“, – განაცხადა მადურომ.

2026 წლის 17 მარტს, ნიკოლას მადუროს სასამართლოში მომდევნო მოსმენაზე გამოცხადება დაევალა.

ნიკოლას მადუროს ბრალი ედება ნარკოტერორიზმის, კოკაინის შეტანის შეთქმულებაში, ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების ფლობაში. ასევე, აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულებაში.