თბილისი (GBC) – ასტანაში მიმდინარე ბიზნესფორუმზე გერმანია და ყაზახეთი $6,3 მლრდ–ის ღირებულების 36 შეთანხმებას მოაწერენ ხელს. ამის შესახებ ინფორმაციას სს „ეროვნული კომპანია Kazakh Invest“–ის პრეს–სამსახური ავრცელებს. 

შეთანხმებები გაფორმდება მანქანათმშენებლობის, ლოგისტიკის, ნავთობქიმიის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა დარგებში.

ასტანაში ყაზახურ–გერმანული ბიზნესფორუმი კანცლერ ოლაფ შოლცის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიმდინარეობს.

გერმანული კაპიტალის მონაწილეობით ყაზახეთში დღეისთვის 752 საწარმო ფუნქციონირებს. ამასთან, ინვესტიციების 90% არანედლეულის სექტორზე მოდის, მათ შორის გადამამუშავებელ მრეწველობაზე, ქიმიურ მრეწველობაზე, სამშენებლო მასალების წარმოებაზე, აგროსამრეწველო კომპლექსზე, ტრანსპორტსა და ლოგისტიკაზე.