მთავრობა ხუდონ ჰესის პროექტს უბრუნდება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს ინვესტორ კომპანიასთან - ტრანსელექტრიკა - შეთანხმება მიღწეულია, პროექტზე ხელახალი შესყიდვა კი 2023 წელს გამოცხადდება. 

მისივე თქმით სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობის გარეშე ქვეყანაში მსგავსი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები არ აშენდება. 

შეგახსენებთ რომ მთავრობა შედის ანაკლიის პორტის მშენებლობაშიც, - კერძოდ 51%-იანი წილით. 
რაც შეეხება ხუდონს, პროექტის განხორციელება რამდენიმე წლის წინ შეწყდა, რასაც წინ უძღვოდა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი. 

Trans Electrica BVI-სა დ Trans Electrica Georgia-თან  მთავრობამ ხუდონის 702-მეგავატიანი ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით პირველი მემორანდუმი 2011 წელს გააფორმა. მას შემდეგ დოკუმენტში არაერთი ცვლილება შევიდა. "ხუდონჰესი" ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული პროექტი იყო, მისი საინვესტიციო ღირებულება $1 მილიარდს შეადგენდა.