თბილისი (GBC) - საქართველოს მთავრობის 17 ივნისის განკარგულებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე მიმდინარე "ორბი ჯგუფი ბახმაროს“ პროექტში ცვლილებების ნებართვა გაიცა. შეცვლილი ნებართვის თანახმად, "ორბი ჯგუფი ბახმაროს"  და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის, საპრივატიზაციო პირობის შესრულების ვადად არაუგვიანეს 2027 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა. წინა ნებართვით პროექტი 2025 წელს უნდა დასრულებულიყო. განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე, სანაცვლოდ, "ორბი ჯგუფმა ბახმარომ" 284 936 ლარი უნდა გადაიხადოს.

„ორბი ჯგუფის" საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ პროექტი 8 ჰა ფართობზე ხორციელდება, საიდანაც 1 ჰექტარზე სასტუმრო კომპლექსის შენობა უნდა განთავსდეს, 7 ჰა უნდა დაეთმოს რეკრეაციულ და დასასვენებელ სივრცეებს. სასტუმრო კომპლექსი გააერთიანებს 350 აპარტამენტს და სასტუმრო ინფრასტრუქტურას. 

მთავრობის ახალ განკარგულებაში კი აღნიშნულია, რომ სასტუმრო სულ მცირე 120 ნომერს უნდა მოიცავდეს. ბიზნესპარტნიორს "ორბი ჯგუფის" დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ განუცხადა: "ვადის გადაწევა განპირობებული იყო იმით, რომ პრაქტიკულად პანდემიის პერიოდი, რომელიც მოხდა ამ სიტუაციაში, გათვალისწინებულიყო ვადების გადაანგარიშებისას. არაფერი შემცირებულა. თავის დროზე, როდესაც პირდაპირი მიყიდვის კონტრაქტი იყო არანაკლებ 120 ნომერი იყო მითითებული  და კომპანია არანაკლებ 120 ნომრის ფარგლებში ახორციელებს 350 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას. კონტრაქტში ადრეც არანაკლებ 120 ნომერი იყო მითითებული და დღესაც, იმავე საინვესტიციო თანხის ფარგლებში რაც იყო თავდაპირველად. ვადების გარდა არაფერი შეცვლილა კონტრაქტში. ვადა იწურებოდა ივნისის თვეში. შესაბამისად, ჩვენ ვადის ამოწურვამდე მივმართეთ, ჩავაბარეთ ანგარიში რა იყო გაკეთებული ამ ეტაპამდე", - აცხადებს კომპანიის დირექტორი ბიზნესპარტნიორთან.

პროექტში უცვლელად დარჩა სპორტული მოედნების, რეკრეაციული სივრცის, კომერციული და კვების ობიექტების მოწყობის ვალდებულება. 

მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 წლის განმავლობაში, გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა არ უნდა განხორციელდეს.

შეგახსენებთ, რომ „ორბი ჯგუფმა" პროექტის პრეზენტაცია უკვე გააკეთა. სასტუმროს მშენებლობა და გაყიდვები ფაქტობრივად საზოგადოების ნაწილის პროტესტის ფონზე მიმდინარეობს იმ არგუმენტით, რომ მასშტაბური სასტუმროს მშენებლობით ბახმაროს ავთენტიკური იერსახე დროთა განმავლობაში დაიკარგება და კოტეჯურ დასახლებას ბეტონის კონსტრუქციები ჩაანაცვლებს. 

„ორბი ჯგუფი" საქართველოში უმსხვილესი დეველოპერული ჰოლდინგია, რომელიც სამშენებლო ბაზარზე 1997 წლიდან ოპერირებს.