თბილისი (GBC) – ონლაინ აზარტული თამაშებთან დაკავშირებით საგადასახადო შეღავათების ინიციირების იდეა ის არის, რომ ქართულმა ბაზარმა დაიბრუნოს უცხოელი მომხმარებელი, რომელიც მაღალი გადასახადის გამო დაკარგა. ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას „სათამაშო ბიზნესის ასოციაციის" ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა განაცხადა.

გიორგი მამულაიშვილი აცხადებს, რომ ცვლილებები ეხება მხოლოდ უცხოელ მომხმარებელს. მანამდე უცხოელებისთვის გატანის საკომისიო იყო 5%. რის გამოც უცხოელი მომხმარებელი, რომელიც ქართული ბაზრის სერვისებს იყენებდა, იმ ქვეყნების სერვისებზე გადაერთო, სადაც ეს გადასახადი არ იყო. მისი თქმით, საქართველოს მომხმარებლისთვის არაფერი იცვლება.

„ცვლილებები ეხება მხოლოდ უცხოელ მომხმარებელს, რომლის მოზიდვის საშუალებაც ეძლევა ქართველ ოპერატორებს. უცხოელი მომხმარებლების დაინტერესება ქართულ ბაზარზე განპირობებულია იმით, რომ გატანის საკომისიო გაუუქმდებათ. რეალურად საქართველოს მომხმარებლისთვის, ამ შემთხვევაში, არაფერი იცვლება. გატანის საკომისიო იყო 5% უცხოელებისთვის, რამაც გამოიწვია ის, რომ უცხოელი მომხმარებელი, რომელიც იყენებდა ქართული ბაზრის - ქართული ოპერატორების სერვისებს, სხვა ქვეყნის სერვისებზე გადაერთვნენ, სადაც ეს გადასახადი არ იყო. ამ კანონის იდეა ის არის, რომ დაიბრუნოს ქართულმა ბაზარმა ის უცხოელი მომხმარებელი, რომელიც მაღალი გადასახადების გამო დაკარგა“, - აცხადებს გიორგი მამულაიშვილი.

„სათამაშო ბიზნესის ასოციაციის" ხელმძღვანელი დადებითად აფასებს  ცვლილებას. მისი თქმით, კანონს სასწრაფო წესით განიხილავენ, სავარაუდოდ, შემდეგ კვირას მიიღებენ აღნიშნულ ცვლილებებს, შემდეგ იქნება ტექნიკური დეტალები გასავლელი, ეროვნულ ბანკს ექნება უცხოური ბანკებიდან თანხების შემოდინება გასახსნელი და ეს როცა მოხდება, უკვე მერე შეეძლებათ კომპანიებს, რომ ამ მიმართულებით იმუშაონ, - აცხადებს გიორგი მამულაიშვილი.

საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს.