თბილისი (GBC) - გალტ & თაგარტის ინფორმაციით, 2024 აგვისტოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნამ განაგრძო გაუმჯობესება, თუმცა ის მაინც შესუსტებული რჩება წლის დასაწყისთან შედარებით. აგვისტოში ფასები პირველად ბაზარზე თვიურად მცირედით 0.3%-ით გაიზარდა, ივლისში დაფიქსირებული უცვლელი ფასის შემდეგ. შესუსტებული მოთხოვნა ასევე მოქმედებს მიწოდებაზე - გასული სამი თვის განმავლობაში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მოცულობა მკვეთრად, წლიურად 41.9%-ითაა შემცირებული. მოსალოდნელია რომ ნებართვების გაცემის ეს დინამიკა შენარჩუნდება 2024 წლის ბოლომდე, რადგან დეველოპერები, სავარაუდოდ, ელოდებიან მოთხოვნის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას.

პირველადი ბაზარი - დეველოპერების გაყიდვები

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 2024 წლის ივლისსა და აგვისტოში შერჩეული დეველოპერების პროექტებში ბინების გაყიდვები გაუმჯობესდა, მაისში მკვეთრი ვარდნის შემდეგ, როცა გაყიდვებზე იმოქმედა დასვენების დღეების სიუხვემ და ქუჩის პროტესტებმა. პოზიტიური ტრენდის მიუხედავად, მოთხოვნა კვლავ შესუსტებული რჩება - აგვისტოს გაყიდვები 2.6%-ით ნაკლები იყო 2024 წლის პირველი 4 თვის საშუალოსთან შედარებით.

გალტ & თაგარტის მტკიცებით, 2024 წლის პირველ 8 თვეში, ბინების გაყიდვებში საქართველოს მოქალაქეების წილი წინა წლის მსგავსად, 78%-იან ნიშნულზე შენარჩუნდა. აღსანიშნავია, რომ ისრაელის მოქალაქეების წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა 5%-დან 11%-მდე, რამაც დააკომპენსირა რუსეთის მოქალაქეების წილის 9% დან 2%-მდე შემცირება.

ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, ასევე ბიუჯეტური კლასის სეგმენტის (<$1,000/მ2) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით.

მეორადი ბაზარი - რეგისტრირებული ტრანზაქციები

2024 წლის აგვისტოში თბილისის უძრავი ქონების მეორად ბაზარზე 1,584 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 10.6%-იანი, ხოლო თვიურად 5.4%-იანი კლებაა. ჯამურად 2024 წლის პირველ 8 თვეში თბილისში მეორად ბაზარზე სულ 13,080 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 7.1%-იანი კლებაა და შესუსტებულ მოთხოვნას ასახავს.

ფასები

გალტ & თაგარტის ინფორმაციით, 2024 წლის აგვისტოში ფასები პირველად ბაზარზე თვიურად მცირედით 0.3%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ შესუსტებული მოთხოვნა ფასების ზრდის ტემპის შენელებაზეც აისახა.

ბაზრის ზომა

2024 წლის აგვისტოში თბილისში 244.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 4.8%-იანი და თვიურად 9.4%-იანი კლებაა და ტრანზაქციების შემცირებული რაოდენობის შედეგია. ჯამურად 2024 წლის პირველ 8 თვეში 1,953.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა (+1.0% წ/წ).

ქირა თბილისში

საშუალო ზომის ბინის ქირის ფასი თვიურად მცირედით გაიზარდა და კვადრატულზე 9.9 აშშ დოლარი შეადგინა. ქირის ფასები 2024 წელს სტაბილურად ერთ ნიშნულზე ნარჩუნდება.

სამშენებლო ნებართვები

2024 წლის აგვისტოში გაგრძელდა სამშენებლო ნებართვების მკვეთრი შემცირება, რომელიც ივნისიდან დაიწყო. ჯამში, ივნისი-აგვისტოს პერიოდში გაცემული ნებართვების ფართობი წლიურად 41.9%-ით შემცირდა. მოსალოდნელია, რომ დეველოპერები დაელოდებიან მოთხოვნის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას სამშენებლო ნებართვების ასაღებად.