თბილისი (GBC) – 3-5 თებერვალს ესპანეთის ქალაქ ჟირონაში ყოველწლიური საერთაშორისო საავიაციო ფორუმი CONNECT 2025 გაიმართება. რიგით 21-ე ფორუმში 62 ქვეყნიდან 90-მდე ავიაკომპანიის და190-მდე აეროპორტის 820 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს საავიაციო ფორუმზე აეროპორტების გაერთიანება (UAG) წარმოადგენს. ქართულ დელეგაციას კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე უხელმძღვანელებს.
სამდღიან ფორუმზე აეროპორტების გაერთიანებას 20-ზე მეტი შეხვედრა აქვს დაგეგმილი სხვადასხვა ავიაკომპანიებთან, პარტნიორ აეროპორტებთან და საავიაციო ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე საუბარი შეეხება, როგორც საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების, ასევე ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს.
,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ყოველწლიურად უწყვეტად მონაწილეობს საავიაციო ფორუმებში. რადგან მსგავსი ტიპის ფორუმებზე საფუძველი ეყრება ახალ ავიაკომპანიებთან, აეროპორტებთან და საავიაციო-საკონსულტაციო კომპანიებთან თანამშრომლობას. Connect 2025-ის ფარგლებში, გავმართავთ არაერთ შეხვედრას საქართველოს ბაზრისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ავიაკომპანიებთან, რომ დაინტერესდნენ ფრენების დაწყებით, ან არსებულ მიმართულებებზე სიხშირეების დამატებით და საქართველოს მიმართულებით ოპერირების არეალის გაზრდით, - ‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
ფორუმის ფარგლებში აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ, როგორც საქართველოს საავიაციო ბაზარზე არსებულ ავიაკომპანიებს, ისე პოტენციურ პარტრნიორ ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს.