თბილისი (GBC) - უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას და წერს, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინას 31 იანვრის ღამეს 102 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 59 დრონი ჩამოაგდეს, 37 კი ლოკალურად დაიკარგა.

გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით შეტევა რუსეთის კურსკის, ბრიანსკის, მილეროვოს, პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიებიდან და ოკუპირებული ყირიმიდან განხორციელდა.

უპილოტო საფრენი აპარატების განადგურება დაფიქსირდა ხარკოვის, პოლტავას, სუმის, კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, მიკოლაივისა და ოდესის ოლქებში.

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო 31 იანვრის დილას ტელეგრამ-არხით იუწყებოდა, რომ მოგერიებული დრონის ნამსხვრევებმა მრავალსართულიანი სახლის ერთ-ერთი ბინა დააზიანა.

მოგვიანებით კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ინფორმაცია არ დადასტურდა.

31 იანვარს, შუაღამის შემდეგ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის რეგიონებზეც. ერთ-ერთი სამიზნე ვოლგოგრადში მდებარე ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა იყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი დაადასტურა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში, შვიდ რეგიონში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ საერთო ჯამში, 49 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.

საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული მსგავსი ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.