თბილისი (GBC) - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტის თეოდოროს რუსოპულოსის განცხადებით, „ბათუმელების“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვენ. ამის შესახებ მან „რადიო თავისუფლებასთან” განაცხადა.

მისი თქმით, „რაც ახლა მასთან დაკავშირებით ციხეში ხდება, ძალიან ახლოს არის წამებასთან”.

„მსურს გამოვეხმაურო ერთ შემთხვევას, რომელიც კარგად არის ცნობილი თქვენი ხალხისთვის. ვსაუბრობ ჟურნალისტ მზია ამაღლობელზე.

ის დაპატიმრებულია, შიმშილობს და ჩვენ – პირადად მე და ასამბლეა – ვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან, გაათავისუფლონ იგი. იმიტომ რომ ეს არის არასამართლიანი, უსამართლო. რაც ახლა მასთან დაკავშირებით ციხეში ხდება, ძალიან ახლოს არის წამებასთან.

იმიტომ კი არ [უნდა გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი], რომ მე ამას ვითხოვ, როგორც პრეზიდენტი, არამედ იმიტომ, რომ ამავდროულად ეს არის გზა, რომლითაც საქართველოს მთავრობას შეუძლია დაამტკიცოს, რომ ნამდვილად პატივს სცემს ადამიანის უფლებებს.

მინდა შევახსენო საქართველოს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს, რომ წელს ჩვენ აღვნიშნავთ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 75 წლის იუბილეს. ასე რომ, ქვეყანამ, ამ დიდი ორგანიზაციის წევრმა ყველა ქვეყანამ, რომლებიც მხარს უჭერენ და პატივს სცემენ და ემსახურებიან ადამიანის უფლებებს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას, უნდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები“, – განაცხადა თეოდოროს რუსოპულოსმა.

დამოუკიდებელი მედია „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი მე-20 დღეა, შიმშილობს.

ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს დააკავეს. დაკავების დროიდან ის მხოლოდ წყალს იღებს.

მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.

მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება დაუსაბუთებელი იყო. ზოგიერთი იურისტი ფიქრობს, რომ ჟურნალისტისთვის ბრალდებად წარდგენილი მუხლი მის ქმედებას არ შეესაბამება.