თბილისი (GBC) – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ამნისტიის შესახებ კანონს ხელი დღეს, 27 სექტემბერს მოაწერა. განცხადების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კანონის მიღება ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა, პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა, რომ ამნისტიას მრავალი მსჯავრდებული ელოდება.
"საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, ამნისტიის კანონის მიღება არის ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა.
კანონის მიღება ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა, პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა, რომ ამნისტიას მრავალი მსჯავრდებული ელოდება.
ამნისტია თავისი არსით არის ჰუმანური აქტი და ზოგადად, მისი მიღება მიზანშეწონილია არჩევნების დასრულების შემდეგ, ან არჩევნებამდე გაცილებით ადრე", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, 17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი მიიღო, რომელიც ქართულმა ოცნებამ დააინიცირა.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ამნისტიის მიღების ერთ-ერთი მიზეზი პენიტენციურ სისტემაში პატიმართა რაოდენობის შემცირებაა. 100 000 მოსახლეზე პატიმართა რიცხოვნობის მიხედვით საქართველო ევროპის საბჭოს წევრ 46 ქვეყანას შორის ბოლოდან მეორე ადგილზეა და მხოლოდ თურქეთს უსწრებს.
ამნისტია სისხლის სამართლის კოდექსის 290-ზე მეტი მუხლის სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებას ითვალისწინებს. ის ვრცელდება 2024 წლის 1 ივლისამდე ჩადენილ დანაშაულებზე.
კანონი ასევე შეეხება დანაშაულის დაფარვისთვის და შეუტყობინებლობისთვის გათვალისწინებულ სასჯელებს - რა ვადითაც შემცირდება კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელი, იგივე პროპორციით შემცირდება ამ დანაშაულის დაფარვისთვის ან შეუტყობინებლობისთვის.
ამნისტია არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.
ამნისტიის კანონი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე. მისი აღსრულება კი (კონკრეტული გამონაკლისების გარდა) კანონის ამოქმედებიდან ხუთი კვირის ვადაში უნდა დასრულდეს.