თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ხუთი პირი დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა შეიმუშავეს დანაშაულებრივი გეგმა, რომლის მიხედვითაც, ისინი ნდობაში შედიოდნენ საქართველოში და საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებთან, რომლებსაც ატყუებდნენ, რომ თითქოსდა იყვნენ იტალიაში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომერციული ბანკის თანამშრომლები და არწმუნებდნენ, რომ შესაბამისი ფულადი თანხის გადაცემის შემთხვევაში, ისინი მიიღებდნენ მაღალ საპროცენტო სარგებელს.

გამოძიების მიმდინარე ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნული გზით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, მოტყუებით დაეუფლნენ 40-ზე მეტი მოქალაქის კუთვნილ თანხას, ჯამში – 620 584 ლარის ოდენობით”, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით დგინდება, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

უწყება აღნიშნავს, რომ „ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით”.