თბილისი (GBC) - საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჯოზეფ ბორელის მიმართ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის პერიოდში გაწეული სამსახურისთვის მადლიერებას გამოხატავს.

„გმადლობთ, ძვირფასო ჯოზეფ ბორელ თქვენი სამაგალითო სამსახურის, თავდადებისა და სიმტკიცისთვის. საქართველო ძლიერ აფასებს თქვენს ურყევ მხარდაჭერას მისი ევროპული მომავლისა და მისწრაფებების მიმართ“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

საქართველოს პრეზიდენტმა კაია კალასს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზე დანიშვნაც მიულოცა.

„გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე შთამაგონებელია კიდევ ერთი ლიდერი ქალი, საქართველოს ძვირფასი მეგობარი და ჩვენი ევროპული გზის მხარდამჭერი, როგორც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის ახალი უმაღლესი წარმომადგენელი.

„ვულოცავ კაია კალასს რთულ საერთაშორისო ლანდშაფტში ნავიგაციისთვის ახალი პერსპექტივების და ძლიერი ხელმძღვანელობის შემოტანას“, - დაწერა პრეზიდენტმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი მარტა კოსს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ევროკომისრის პოსტზე დანიშვნას ულოცავს.

„ვულოცავ მარტა კოსს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ევროკომისრის პოსტზე დანიშვნას. გადამწყვეტი როლი ევროკავშირის მომავლისთვის გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ქართველები იბრძვიან თავიანთი ევროპული ხმის დასაცავად. წარმატებებს ვუსურვებთ მას ინტეგრაციის კუთხით წინსვლაში. დარწმუნებული ვარ, უკრაინა, მოლდოვა და საქართველო მალე გაერთიანდებიან ევროკავშირის ოჯახის ქვეშ“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.