თბილისი (GBC) - სების ფინანსური სტაბილურობის 2024 წლის ანგარიშში საუბარია ფინანსური სტაბილურობის მთავარ რისკებზე. სები რამდენიმე ფაქტორს გამოყოფს, ესენია: გეოპოლიტიკური კონფლიქტების შესაძლო გახანგრძლივებისა და ესკალაციის რისკები, წამყვანი ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის შენელებული ნორმალიზება, ციკლური დაღმავლობა უძრავი ქონების ბაზარზე და საგარეო ფაქტორების გაუარესება.

გეოპოლიტიკური კონფლიქტების შესაძლო გახანგრძლივებისა და ესკალაციის რისკები

მაღალ დონეზე ნარჩუნდება რუსეთ-უკრაინის ომისა და ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური კონფლიქტებიდან მომდინარე რისკები. აღნიშნული როგორც გლობალურად, ასევე სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, მაკროეკონომიკურ მოწყვლადობას იწვევს. რეგიონში გეოპოლიტიკური დაძაბულობის გახანგრძლივება ინფლაციური წნეხის წყარო შეიძლება გახდეს, რასაც ასევე ხელს უწყობს წითელი ზღვის აკვატორიაში მიმდინარე მოვლენებიც. გარდა ამისა, ტურბულენტური გეოპოლიტიკური გარემო უარყოფითად შეიძლება აისახოს რეგიონში ინვესტორთა განწყობაზე და ქვეყნის სუვერენული რისკის გადაფასება გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში ქვეყნიდან კაპიტალის გადინება დაიწყება და ადგილობრივი ვალუტა გაუფასურების წნეხის ქვეშ აღმოჩნდება. ჯერ კიდევ მაღალი დოლარიზაციის გათვალისწინებით, აღნიშნული რისკის მატერიალიზაცია მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს როგორც ინფლაციაზე, ასევე საკრედიტო პორტფელის ხარისხზე.

წამყვანი ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის შენელებული ნორმალიზება

გლობალურად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გახანგრძლივებულად შენარჩუნების ფონზე გლობალურმა ინფლაციამ ეტაპობრივად შემცირება დაიწყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ ინფლაციის დინამიკასთან დაკავშირებული გაურკვევლობა მაღალ დონეზე ნარჩუნდება, რაც წამყვან ცენტრალურ ბანკებს სიფრთხილისკენ უბიძგებს და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის ტემპს ანელებს. ფასების დინამიკასთან არსებული გაურკვევლობის ზრდამ, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრება და/ან მის გამკაცრებულ ფაზაში უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გამოიწვიოს. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, შეანელებს გლობალურ ეკონომიკურ ზრდას და გაზრდის გლობალური ფინანსური სტაბილურობის რისკებს. აღნიშნული ფაქტორები ფინანსური ბაზრების მხრიდან რისკების გადაფასებას გამო იწვევს და ფინანსური პირობების გამკაცრებაში აისახება. შედეგად, განვითარებადი და მზარდი ეკონომიკის ქვეყნებს საგარეო დაფინანსების წყაროებზე წვდომა შეეზღუდებათ და საგარეო ვალის ტვირთი გაეზრდებათ.

ციკლური დაღმავლობა უძრავი ქონების ბაზარზე

ომის შედეგად ქვეყანაში გაზრდილი მიგრაციის ფონზე მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა უძრავ ქონებაზე. მიგრაციის ეფექტის მილევის კვალდაკვალ, საგარეო სექტორიდან წამოსული მოთხოვნა ადგილობრივმა მოთხოვნამ ჩაანაცვლა, რასაც ხელი ძლიერმა ეკონომიკურმა ზრდამ შეუწყო. გახანგრძლივებულად მდგრადი ძლიერი მოთხოვნის ფონზე გაიზარდა მიწოდებაც, რაც გაცემული ნებართვების ზრდაშიც აისახა. ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნა მეტწილად ციკლური ხასიათისაა, ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი შემცირების შემთხვევაში ამ სექტორებში სამუშაო ძალისა და ინვესტიციების ჭარბმა კონცენტრაციამ შეიძლება უმუშევრობის მკვეთრი ზრდა და ვალის მომსახურების სირთულეები გამოიწვიოს, რაც უარყოფითად აისახება ფინანსურ სტაბილურობაზე და ზოგადად მთლიან ეკონომიკაზე.

საგარეო ფაქტორების გაუარესება

რუსეთ-უკრაინის ომი არა ერთგვაროვნად აისახა საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებზე. ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად გაუარესდა ეკონომიკური ვითარება უშუალოდ ომში ჩართულ ქვეყნებში. მეორე მხრივ, რეგიონის რიგ ქვეყნებში მომატებული მიგრაციის ფონზე გაიზარდა ფულადი გზავნილები, რაც მათ გაუმჯობესებულ ეკონომიკურ ზრდაშიც აისახა. რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარების გაუარე სების შემთხვევაში მოსალოდნელია აღნიშნული ქვეყნებიდან კაპიტალის სწრაფი გადინება, რაც აღნიშნული ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას გააუარესებს. ეს კი უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს საგა რეო მოთხოვნაზე და, შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდაზე.