თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა გამოაცხადა ელექტრონული აუქციონი საფრანგეთში, ლევილის ისტორიულ-მემორიალური მუზეუმის ეზოში (2250 კვ. მ მიწა და მის მიმდებარედ განთავსებული სამი მღვიმე), ქართული ვაზის ჯიშის გაშენების მიზნით იჯარის გასაცემად. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.

ლევილის მამულში ქართული ვაზი საქართველოს სახელმწიფომ 2026 წლის 23 სექტემბრამდე უნდა მოაშენოს, როგორც ამას ითვალისწინებს 2016 წლის 23 სექტემბერს ფრანგი ნოტარიუსის წინაშე გაფორმებული, მამულის გადმოცემის აქტი.

იჯარის პირობების თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვეში იჯარის უფლებით გადაცემულ ქონებაზე უნდა გაშენდეს ქართული ჯიშის ვაზი; 48 თვეში კი ბიოწარმოება უნდა დაიწყოს. ყოველწლიურად წარმოებული ბიო ღვინის 20% კი ლევილის მამულს უნდა გადაეცეს უსასყიდლოდ.

გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად მოიჯარემ უნდა გააკეთოს არანაკლებ 100 000 ევროს ინვესტიცია (მათ შორის არანაკლებ 10 000 ევროს ინვესტიცია ერთი მღვიმის მოსაწყობად). სარგებლობაში გადაცემის ვადაა 10 წელი. ყოველწლიური საიჯარო ქირის გადახდა მოხდება წელიწადში ერთხელ. აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს იჯარის ხელშეკრულების გაფორმებამდე ბიო ღვინის წარმოების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე შესაბამისი საბანკო გარანტია.

ელექტრონული აუქციონი მიმდინარეობს 2024 წლის 30 სექტემბრის 17:00 საათამდე.

დეტალური ინფორმაცია აუქციონის პირობების შესახებ ხელმისაწვდომია შესაბამის ბმულზე.

2016 წლის 23 სექტემბერი, საფრანგეთი, ლევილი - 25 წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ პარიზიდან დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარე პატარა ქალაქში ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტს მოეწერა ხელი: ლევილის მამული საქართველოს საკუთრებაში გადმოვიდა. თითქმის საუკუნის წინ, ამ ადგილს საქართველოდან ემიგრირებულმა კანონიერმა მთავრობამ შეაფარა თავი. 1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ნოე ჟორდანია და მისი თანამებრძოლები იძულებულები გახდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ და ემიგრაციაში წასულიყვნენ. მათ ლევილში რამდენიმე ჰექტარი მიწა და შატო  შეიძინეს და ოჯახებთან ერთად იქვე დასახლდნენ. მიუხედავად აქ გატარებული წლებისა, ყველა მათგანმა იცოდა, რომ ეს მამული საქართველოს საკუთრება იყო და ოდესმე კანონიერ მფლობელს აუცილებლად გადაეცემოდა.

ნოე  ჟორდანია ამის შესახებ თავის ანდერძშიც წერს: „ლევილის მამული ნაყიდია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფულით და წარმოადგენს საქართველოს სრულ საკუთრებას, გამომდინარე აქედან , არც ჩვენ და არც ჩვენს შთამომავლობას, არავითარი იურიდიული უფლება არა გვაქვს, მისი დასაკუთრების რაიმე პრეტენზია გვქონდეს... მამული უნდა გადაეცეს მის ნადვილ პატრონს საქართველოს, როდესაც ის გახდება სრულიად დამოუკიდებელი, დემოკრატიული რესპუბლიკა“.

ცნობისთვის, ლევილის მამულის სრული რეაბილიტაცია, სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების თანახმად, 2026 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.