თბილისი (GBC) - საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას დაკავებულ მათე დევიძეს ბრალდება წარუდგინა. უწყება ამტკიცებს, რომ ბრალდებულმა „სამ პოლიციელს ხის ჯოხით სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა”.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ნოემბერს დილის საათებში, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულმა სამ პოლიციელს ხის ჯოხით სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 21 წლის მათე დევიძე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის წესით გუშინ დააკავა.