თბილისი (GBC) - პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 25 ნოემბერს, 12:00 საათზე XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყება. დღის წესრიგის თავდაპირველი საკითხი კი უფლებამოსილების ცნობა იქნება. პაპუაშვილი თქმით, მიმდინარე კვირის განმავლობაში დღის წესრიგში ასევე იქნება პრეზიდენტის არჩევის თარიღის ჩანიშვნა და ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება, სამთავრობო პროგრამასთან ერთად.
„როგორც მოგეხსენებათ, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა. ასევე, მოგეხსენებათ და ჩანს საჯაროდ, რომ სალომე ზურაბიშვილი კვლავ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და არ ნიშნავს პირველ სხდომას.
საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება 25 ნოემბერს, 12:00 საათზე. ცესკო-მ უკვე გააკეთა განცხადება, რომ ცესკო-ს მიერ უკვე არის გამზადებული არჩეულ წევრთა დროებითი მანდატები, ამიტომ ყველა არჩეულმა წევრმა ეს დროებითი მანდატი ცესკოს-გან უნდა აიღოს. 25 ნოემბერს, 11:00 საათიდან დაიწყება წერილობითი რეგისტრაცია. პარლამენტის სხდომათა დარბაზთან იქნება სიის მეშვეობით ახალარჩეული წევრების რეგისტრაციაში გატარება, ხოლო 12:00 საათზე დაიწყება ახალარჩეული პარლამენტის სხდომა, რომელსაც წარუძღვება მისი უხუცესი წევრი ლადო კახაძე.
დღის წესრიგის პირველი საკითხი არის უფლებამოსილების ცნობა. ცესკოს თავმჯდომარეცაა ჩართული ამ პროცესში. მისი მოხსენების შემდეგ მოხდება პარლამენტის მხრიდან პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილების ცნობა და ამ საკითხის კენჭისყრაზე დაყენება, რის შემდეგაც უკვე ყალიბდება ფრაქციები, ეს მოხდება შესვენების დროს. შესვენების შემდეგ უკვე ხდება პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების კანდიდატურის წარდგენა და შემდეგ არჩევა. შემდეგ კვლავ ცხადდება შესვენება, რომლის დროსაც ხდება კომიტეტების ჩამოყალიბება და ამის შემდეგ ხელახალ სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა. შესაბამისად, პირველ სხდომაზე გვექნება სამი ძირითადი საკითხი: პარლამენტისა და მისი წევრების უფლებამოსილების ცნობა, თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების არჩევა და კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა.
კვირის განმავლობაში დღის წესრიგში ასევე იქნება პრეზიდენტის არჩევის თარიღის ჩანიშვნა და ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება, სამთავრობო პროგრამასთან ერთად. შესაბამისად, მომავალ კვირას, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობასთან ერთად, ნდობას გამოვუცხადებთ მთავრობას და მომავალი კვირის ბოლოსთვის უკვე გვექნება სრულად როგორც ფუნქციონირებადი მე-11 მოწვევის პარლამენტი, ისე ახლად დამტკიცებული მთავრობა.
რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს – თარიღი ჩაინიშნება, თარიღის ჩანიშვნის შემდეგ უკვე ცესკო ერთვება პროცესში, რომელიც ატარებს ამ არჩევნებს. თარიღის დანიშვნის შემდეგ, ცესკო აყალიბებს საარჩევნო კოლეგიას, რომელიც 300 წევრისგან შედგება, ამ 300 წევრში არის პარლამენტის 150-ვე წევრი, ხოლო მეორე ნახევარი ყალიბდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ოცი წევრისგან, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 წევრისგან, დარჩენილი 109 წევრი უკვე ყალიბდება თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან, 2021 წელს პარტიების მიერ მიღებული პროპორციის შესაბამისად. ამ პროპორციასაც დაადგენს ცესკო”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცესკომ 26 ოქტომბრის არჩევნები 16 ნოემბერს შეაჯამა. „ქართულმა ოცნებამ“ ხმების თითქმის 54% მიიღო, რაც პარლამენტში 89 დეპუტატს ნიშნავს.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც, ოპოზიციური პარტიების მსგავსად, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა არჩევნების არაკონსტიტუციურობის საკითხზე.
საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული „სერიოზული ეჭვები“.