თბილისი (GBC) - 25 ნოემბერს, XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. სწორედ ამ დროს, 09:00 საათზე, პარლამენტის უკან აქცია ჩაინიშნა. აქციის ორგანიზატორი მოძრაობა „ჩემი ხმაა“.

„საქართველოს მოქალაქეებს ჩვენი საერთო წარსული გვაერთიანებს და დღევანდელობას ერთნაირად ვგრძნობთ. როგორი იქნება საქართველოს მომავალი, ჩვენ, მოქალაქეებმა უნდა გადავწყვიტოთ.

თუმცა გვეუბნებიან, რუსეთში გამდიდრებულმა ერთმა კაცმა ჩვენ ნაცვლად უნდა გადაწყვიტოს საქართველოს ბედი, მისმა ხმამ გადაწონოს საქართველოს ხმა.

25 ნოემბერს, სწორედ მისი ხმით დანიშნული პარლამენტი იკრიბება. ეს კრიმინალური აქტია, დანაშაულით ძალაუფლების დაუფლების მცდელობა.
და რას ვაკეთებთ ჩვენ?
უხმაუროდ ვეგუებით, თუ ხმას ამოვიღებთ?!
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ამოვიღოთ ხმა!
ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ხმა!
25 ნოემბერს, დილის 9 საათზე, საქართველოს პარლამენტის უკან, მოდი!“ — წერენ აქციის ორგანიზატორები.

საქართველოს კანონმდებლობით, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ნიშნავს და ხსნის პრეზიდენტი, თუმცა საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტმა სხდომა არ დანიშნა.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველ სხდომაზე პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, სხდომას პარლამენტის უხუცესი წევრი გახსნის. ასეთი “ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლადო კახაძეა, რომელიც სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება.

ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე საკითხებს შემდეგი თანამიმდევრობით განიხილავს:

  • აირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს,
  • ვიცე-სპიკერებს და კომიტეტების თავმჯდომარეებს.

პარლამენტის პირველი სხდომა აღნიშნული საკითხების ამოწურვამდე გაგრძელდება.

ცესკოს ოფიციალური შედეგების თანახმად, XI მოწვევის პარლამენტში ხუთი პოლიტიკური სუბიექტი შევიდა. სახელისუფლო უმრავლესობა პარტია “ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა, რომელიც 89 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. 19 მანდატი აქვს “კოალიციას ცვლილებებისთვის“, 16 მანდატი - “ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“. პარლამენტში 14 წევრის შეყვანა შეძლო “ძლიერმა საქართველომ“, ხოლო პარტიას “გახარია საქართველოსთვის“ 12 მანდატი მიენიჭა.

პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, 26 ოქტომბერს პროპორციული სისტემით ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. თუმცა, შედეგებს ოპოზიცია და სადამკვირვებლო მისიები არალეგიტიმურად მიიჩნევენ და მის ბათილად ცნობასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.