თბილისი (GBC) - 224-მა ხმოსანმა საქართველოს პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩია.

ბათილად გამოცხადდა ერთი - ადა მარშანიას ბიულეტენი. ადა მარშანიამ, რომელიც საარჩევნო კოლეგიაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კვოტით არის, თქვა, რომ მიხეილ ყაველაშვილს მხარს არ უჭერს.

"ძალიან ცუდი კანდიდატი აირჩიეთ!.. უფრო უკეთესად უნდა მოგეფიქრებინათ... უბრალოდ, საპრეზიდენტო კანდიდატურა არ არის!", - თქვა მან.

პრეზიდენტის არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდა.

ხმის დათვლის პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

შედეგების ოფიციალურად გამოცხადებამდე ყაველაშვილი პარლამენტში არ გამოჩენილა. ახლა კი იგი პარლამენტშია და მოლოცვებს "ქართული ოცნების" დეპუტატებისგან იღებს.

ყოფილი ფეხბურთელი ყაველაშვილი, რომელმაც საკუთარი კარიერა დაიწყო და დაასრულა რუსეთში პრეზიდენტის კანდიდატად პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. კანდიდატის წარდგენისას კი მან ყაველაშვილზე თქვა: "ის თავისი ბუნებით, თუ გნებავთ, ჰაბიტუსითაც, არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება".

პრეზიდენტს საქართველოში ახალი, არაპირდაპირი წესით პირველად ირჩევენ, 5 წლის ვადით.

კანონის თანახმად, პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არც პარლამენტის და არც საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს. მან 30 ნოემბერს განაცხადა: „მე ვრჩები როგორც თქვენი პრეზიდენტი, არ არსებობს ლეგიტიმური პარლამენტი, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს პრეზიდენტს, შესაბამისად, ინაუგურაცია ვერ იქნება“.

ამავე პოზიციაზე არიან საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული სხვა პარტიები, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს: „სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს პრეზიდენტად, საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარსარდლად და ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში“, – აცხადებენ ისინი.

პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად, დილის 7 საათიდან პარლამენტთან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველებიც.