თბილისი (GBC) - რესტორან "ბაბილოსთან" მოსამართლეთა კორპუსის კორპორაციული ვახშმის ფონზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გუშინ, 12 იანვარს, 9 მოქალაქე დააკავეს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ყველა მათგანს ედავებიან ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ დარღვევას.
დაკავებულთა შორის არიან „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ტიტე გედენიძე, შაკო მაღრაძე და ბექა პაპაშვილი. ამის შესახებ ინფორმაცია თვითონ პოლიტიკურმა მოძრაობამ გუშინ, 12 იანვარს გაავრცელა.
“რამდენიმე საათის განმავლობაში ადვოკატს და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელს არ ჰქონდათ ინფორმაცია თუ სად იყვნენ დაკავებულები და მოქალაქეების პროტესტის ფონზე, შსს იძულებული გახდა ინფორმაცია მიეწოდებინათ დაკავებულის ადვოკატისთვის და როგორც ცნობილია, შაკო მაღრაძე და ბექა პაპაშვილი გადაყვანილი ჰყავთ დიღმის იზოლატორში, ხოლო ტიტე გედენიძე ზაჰესის იზოლატორში”, - ნათქვამია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ბაბილოს“ წინ, საპროტესტო აქცია 12 იანვარს, დაახლოებით 15:00 საათზე დაიწყო, მას შემდეგ, რაც რესტორანში მოსამართლეებმა დაიწყეს შეკრება კორპორაციულ წვეულებაზე.
ვიდეოკადრების ავტორი: მარიამ ნიკურაძე, ჟურნალისტი
რესტორანში შესასვლელად მოსამართლეებს ე.წ. სირცხვილის დერეფნის გავლა და საპროტესტო აქციის მონაწილეთა შეძახილების მოსმენა მოუწიათ. „ცეცხლი ჭამეთ, მონებო!" – სკანდირებდნენ მოქალაქეები. ამასთან, მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად, ისროლეს კვერცხები – ეს პროტესტი მათ გამოხატეს ორი მოსამართლის, ივანე ყიფიანისა და მალხაზ ოქროპირაშვილის მიმართ.
ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რის გამოც საპოლიციო ძალების განსაკუთრებული რაოდენობის მობილიზება გახდა საჭირო. რესტორანთან მიიყვანეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.
ვიდეოკადრების ავტორი: მარიამ ნიკურაძე, ჟურნალისტი
მოსამართლეებმა რესტორანი „ბაბილო” კორპორაციული წვეულების შემდეგ, ტერიტორიაზე პოლიციის განსაკუთრებული მობილიზების ფონზე დატოვეს – ადგილზე საპოლიციო ძალებმა მედიას არ მისცეს საშუალება მათი გასვლის კადრები გადაეღო.
პოლიციელებმა აქციის მონაწილეები რესტორნის შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან მოშორებით განდევნეს და რესტორნის ახლო პერიმეტრი თავად დაიკავეს.
გუშინ, 12 დეკემბერს, თბილისის პარალელურად, ბათუმშიც მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია, სადაც ჯამში 8 ადამიანი დააკავეს – ინფორმაცია TV პირველთან საუბრის დროს დაადასტურა აჭარის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ. მისი თქმით, ყველა მათგანი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლებით.
„ბათუმელების ოპერატორი არ ვიცი, კონკრეტულად ვინ არის, თუმცა ყველა პირი, ვინც დაკავებული იქნა პოლიციის მიერ, არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისთვის დაკავებული, 166, 173-ე მუხლებით, ზოგიერთი მხოლოდ 173-ე მუხლით. 8 ადამიანია დაკავებული”, – თქვა აჭარის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ.
ბათუმში 12 იანვარს დაკავებულთა შორის არიან: გიორგი კირთაძე, ელენე ხოშტარია,გიორგი კაკალაძე, ელიზბარ ჩხიკვაძე, ლუკა ნაცვლიშვილი, შუშანა მაცაბერიძე, ლევან ხორავა ასევე, „ბათუმელების” ოპერატორი გურამ მურვანიძე.
ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე ხელწერილის საფუძველზე მალევე გაათავისუფლეს.
მოქალაქეების ნაწილი, მათ შორის კოალიცია „ცვლილებისთვის” წევრები გუშინ ბათუმში მას შემდეგ ჩავიდნენ, რაც 11 იანვარს, პოლიციამ 12-მდე ადამიანი დააკავა – დაკავებულთა შორის არის „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელსაც პოლიციაზე თავდასხმას ედავებიან და მას 4–დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.