თბილისი (GBC) - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 4-6 დეკემბერს მალტაში, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 31-ე სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო უწყების ხელმძღვანელი სიტყვით მიმართავს მინისტრთა საბჭოს სესიის მონაწილეებს.
ასევე, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა მალტის ვიცე-პრემიერის, საგარეო უწყების ხელმძღვანელის, იან ბორგის მიერ ორგანიზებულ უკრაინის მხარდამჭერ ღონისძიებაზე.
მალტაში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან.