თბილისი (GBC) - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დღეს, 18 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვა და ევროპარლამენტარებს მიმართავს.

„პრეზიდენტი სტრასბურგში ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას მიწვევით გაემგზავრა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის მიმართ ევროპარლამენტის სოლიდარობა და კიდევ ერთხელ დაგმო დემონსტრანტების მიმართ ძალადობა”, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

გარდა ამისა, სლოვაკმა ევროპარლამენტარმა, მირიამ ლექსმანმა სოციალურ ქსელში დაწერა: „არ შეგვიძლია განზე გავდგეთ მაშინ, როცა ქართველი ხალხი თავისუფლებას იცავს. ევროპარლამენტში პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლა პატივი და ჩვენი მოვალეობის შეხსენებაა“.

დღეს, თბილისის დროით 11:30 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში ევროპარლამენტარებს სიტყვით მიმართავს.