თბილისი (GBC) - ევროკომისიამ წარადგინა წინადადება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ. წინადადებაში აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში თუ საბჭო მას დაამტკიცებს, ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებსა და მათ ოჯახებს მოუწევთ ვიზის აღება ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის – 90 დღემდე, ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში.
წინადადების თანახმად, გაუქმდება ისეთი შეღავათებიც როგორებიცაა, ხანმოკლე სააპლიკაციო დრო, მცირე სავიზო გადასახადები და მოთხოვნები შედარებით მცირე დოკუმენტების წარდგენის შესახებ.
მათი ცნობით, ამ გადაწყვეტილებას არ ექნება უარყოფითი გავლენა ხალხთა შორის ურთიერთობებზე, რადგან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ჩვეულებრივ პასპორტებს, გააგრძელებენ უვიზოდ სარგებლობას ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტების დროს.
დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების შემთხვევაში, ოფიციალური პირები ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ჩვეულებრივი პასპორტებით შეძლებენ ვიზის გარეშე მოგზაურობას.
აღნიშნულთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე პოსტს აქვეყნებს და წერს „ქართველი ხალხი აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას შეაჩეროს სვლა ევროკავშირისკენ. მშვიდობიან პროტესტებს პოლიციის მხრიდან ძალადობა მოჰყვა. დღეს ჩვენ წარვადგენთ სავიზო შეზღუდვებს ქართველი დიპლომატებისთვის. ჩვენი გზავნილი ხელმძღვანელობისთვის ნათელია: შეწყვიტეთ საკუთარი ხალხისთვის ზიანის მიყენება“, - წერს ლაიენი.
16 დეკემბერს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისარმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა, განაცხადა, რომ ევროპული საბჭო უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე შეთანხმდა, მათთვის, ვისაც, ქართული დიპლომატიური პასპორტი აქვთ.