თბილისი (GBC) - ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "ყველა ძალა, როგორც უმრავლესობა, ისე ოპოზიცია ვალდებულია, რომ გახსნას დიალოგი და ჩაერთოს მასში, დაიცვას და პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს". მისივე თქმით, ევროპის საბჭო მზად არის, ხელი შევუწყოთ ასეთ დიალოგს.

მისივე თქმით, დემოკრატია ვერ იარსებებს ასეთი არასათანადო მოპყრობისა და მუდმივი კონფრონტაციის პირობებში.

„პოლარიზაცია ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. ყველა ძალა, როგორც უმრავლესობა, ისე ოპოზიცია ვალდებულია, რომ გახსნას დიალოგი და ჩაერთოს მასში, დაიცვას და პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს. დემოკრატია ვერ იარსებებს ასეთი არასათანადო მოპყრობისა და მუდმივი კონფრონტაციის პირობებში. ევროპის საბჭო მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ასეთ დიალოგს. რა თქმა უნდა, რწმენისა და ნდობის გაღვივების მექანიზმებით შეგვიძლია ეს გავაკეთოთ, თუმცა ეს არის საქართველოს მოსახლეობის და აქ არსებული უწყებების ხელში, რომ სრული დემოკრატია ააღორძინოს და გააძლიეროს. ამაში უნდა ჩაერთოს ყველა უმცირესობა, სამოქალაქო საზოგადოება და ა.შ“, - განაცხადა ბერსემ.

მან ასევე ისაუბრა ვადაზე, თუ როდის შეიძლება აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნას და თქვა, რომ 1 თვეზე ნაკლებ დროში მოხდება.

„გვაქვს მოლოდინი, რომ კანონი შეიცვლება. 3 დღეა აქ, დელეგაციასთან ერთად ვარ. ჩვენ აქ დასასვენებლად ხომ არ ჩამოვსულვართ? აქტიურად ვიმუშავეთ, შევხვდით ყველას და მივიღეთ დაპირება, რომ ჩვენ საბოლოოდ ვიმუშავებთ ერთობლივად შემდეგი კვირის განმავლობაში და დავიწყებთ კანონის ცვლილებას და რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ ეს შეიცვლება. ეს ნათელია. ასევე ნათელია ის, რომ გვაქვს სიტყვები, გაცემული დაპირებები, ვალდებულებები, მაგრამ ეს ყველაფერი ფაქტი უნდა გახდეს. დაგვჭირდება დრო. რა გინდათ, შუა დღესვე ვთქვათ სამუშაო ჯგუფში ვინ არის? ჩვენ უნდა მოვძებნოთ ექსპერტები. ჩვენი ექსპერტებიც იქნებიან, ისინი დაკავებულები არიან, ბევრს მუშაობენ.

ამასთან, საშობაო არდადეგები იწყება. ვენეციის კომისიასაც ვერ მისცემ ასეთ მკაცრ დავალებას, რომ ხვალვე შეიკრიბონ. დავაორგანიზებთ. ეს არის კვირების ამბავი და არა წლების - 1 თვემდე ვადის. რა თქმა უნდა, გვინდა, ხარისხიანად გაკეთდეს ეს ყველაფერი და პროცესმა წინ დაიწყოს სვლა. პირველი წინსვლა იქნება ეს აღებული ვალდებულება, მკაფიო ვალდებულება. შევთანხმდით, რომ ეს გაკეთდებოდა. ვიმუშავებთ ექსპერტების მონაწილეობით და გვაქვს მოლოდინი, რომ რამდენიმე კვირაში კონკრეტულ აქტორებთან ერთად მუშაობის დაწყება შეგვეძლება“,- განაცხადა ბერსემ.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს განცხადებით, მთავრობისგან მიიღო დაპირება, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს შეცვლის, რისთვისაც სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

მისი თქმით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან, რომელშიც ასევე, ჩართული იქნება ვენეციის კომისია და „მოხდება იმ ცვლილებების, იდენტიფიცირება, რომლებიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში“.

საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე 18 დეკემბერს ეწვია. ევროპის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვიზიტის კონტექსტია ძლიერი დაძაბულობა, პოლიტიკური დებატების უკიდურესი პოლარიზაცია და ბოლო კვირებში მომხდარი ძალადობრივი აქტები. განცხადების მიხედვით, ვიზიტის მიზანია ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაგრძელების პირობების უზრუნველყოფა ორგანიზაციის ღირებულებებისა და პრინციპების სრული დაცვით.

ალენ ბერსე უკვე შეხვდა ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, ბიძინა ივანიშვილს, მაკა ბოჭორიშვილს, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქციების დროს დაშავებულ ჟურნალისტებს.