თბილისი (GBC) - კინოინდუსტრიაში მომუშავე ადამიანები და კომპანიები კინოსტუდია „ქართულ ფილმს“ მოუწოდებენ, შეინარჩუნონ მათი პავილიონების მიზნობრიობა ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანების სასიკეთოდ.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პავილიონები, რომლებიც განკუთვნილია პროფესიული გადაღებებისთვის, წლების განმავლობაში ხელმისაწვდომი არ არის კინოსექტორში მომუშავე მრავალი ადამიანისა და კომპანიისთვის, რადგან ისინი იჯარით აქვთ სხვა ორგანიზაციებს.

მათი ინფორმაციით, 31 დეკემბერს ორივე პავილიონის ამჟამინდელ მოიჯარეებს ეწურებათ კონტრაქტი.

„მიუხედავად ჩვენი მრავალი თხოვნისა და ახლა უკვე მოთხოვნისა, რომ პავილიონებიდან ერთი მაინც დარჩეს ჩვენი ინდუსტრიის საჭიროებისთვის, კინოსტუდიის ადმინისტრაცია განიხილავს ორივე პავილიონის ტელეკომპანია „იმედისთვის“ გადაცემას.

მოვუწოდებთ კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ხელმძღვანელობას, გაითვალისწინოს კინოსექტორში მომუშავე ადამიანების და კომპანიების საჭიროებები, შეინარჩუნოს პავილიონებიდან ერთი მაინც კინოინდუსტრიის სასიკეთოდ და ახალი წლიდან უზრუნველყოს მისი მიზნობრივი გამოყენება!

ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ქართული კინოს განვითარებას, გაზრდის ინდუსტრიის შესაძლებლობებს და გახდება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი სფეროს მხარდასაჭერად!“, – ნათქვამია განცხადებაში.

მიმართვის ავტორების ცნობით, მიმართვა ხელმოწერის მსურველთათვის ღიაა.