თბილისი (GBC) - აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმასთვის გაგზავნილი წერილის ასლს აქვეყნებს და წერს: "მოვუწოდებ პია კაუმას, არ წავიდეს თბილისში ამ დროს".
„ივანიშვილის რეჟიმი ამ ვიზიტს მხოლოდ ავტორიტარული მმართველობის ლეგიტიმაციის საშუალებად გამოიყენებს. აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფული არალეგიტიმური მთავრობის აღიარებისთვის არ უნდა გამოიყენონ“, - წერს უილსონი.
ამერიკელი კონგრესმენი პია კაუმას მიმართავს, საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს გადახედოს.
„ამ ვიზიტის ორგანიზებაში თქვენი კეთილშობილური განზრახვის მიუხედავად, ვშიშობ, გარდაუვალია, რომ „ქართული ოცნება“ არასწორად ახსნის თქვენს ჩართულობას, როგორც საერთაშორისო დადასტურების სიმბოლოს. პატივისცემით გთხოვთ, რომ გადახედოთ თქვენს დაგეგმილ ვიზიტს“, - აღნიშნულია წერილში.
I have urged @oscepa President @PiaKauma NOT to go to Tbilisi at this time. The Ivanishvili regime will only use this visit as a means to legitimize their authoritarian takeover. US taxpayer money must not be used to recognize an illegitimate government. pic.twitter.com/TKpCT6sVGe
— Joe Wilson (@RepJoeWilson) January 5, 2025
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ვიზიტი საქართველოში 8-10 იანვარსაა დაგეგმილი.
აღნიშნულ ინფორმაციას გუშინ, 5 იანვარს გამოეხმაურა ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი, რომელმაც X-ზე ვრცელი წერილი გამოაქვეყნა: „მიუხედავად იმისა, რომ მე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი აღარ ვარ, ჩემი ყურადღება მიიქცია ფაქტმა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს საქართველოში გეგმავს დელეგაციის ვიზიტს, რაც კატასტროფული და ცუდ დროს შერჩეული ნაბიჯია. ეს ვიზიტი ემთხვევა ივანიშვილის რეჟიმის მიერ ძალაუფლების განმტკიცებას – რუსული სტილის პრევენციული დაპატიმრებებით, დრაკონული კანონებით და საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობით. ასევე, პერიოდს არჩევნების შემდგომ, რომელიც, ზოგადად, თავისუფალი იყო, თუმცა არღვევდა ლეგიტიმური არჩევნების ორ სხვა პრინციპს – ის არ იყო არც სამართლიანი და არც გამჭვირვალე. ბევრი დელეგაცია აღშფოთებულია და სამართლიანადაც. ასეთი ვიზიტი რეჟიმს მოუტანს პროპაგანდისტულ გამარჯვებას, ლეგიტიმაციას მისცემს ავტოკრატიას, რომელიც ყალიბდება, და ამავე დროს მნიშვნელოვნად ძირს გამოუთხრის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას“, – წერს კოლსი.
ევროპარლამენტარი ასევე მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პია კაუმას ასე ძალიან სურს ეს ვიზიტი, ის კერძო სტატუსით უნდა ჩავიდეს საქართველოში და არა როგორც საერთაშორისო დემოკრატიული თანამშრომლობის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე გამორჩეული ინსტიტუტის წარმომადგენელი, რომელსაც გადასახადების გადამხდელები აფინანსებენ და რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა წინააღმდეგი იქნებოდა „ასეთი უხერხემლო და უპრინციპო ნაბიჯებისა“.
„სუსტი ლიდერობა ქმნის ცუდ დროს. იმედი ვიქონიოთ, რომ პია კაუმამ უკეთ იცის“, – წერს ევროპარლამენტარი.
Although I’m no longer part of @oscepa, it has come to my attention that OSCE PA President @PiaKauma is planning a delegation visit to Georgia on January 8-10—a disastrous and ill-timed move.
— Rihards Kols (@RihardsKols) January 4, 2025
This visit coincides with Ivanishvili’s regime consolidating power through… pic.twitter.com/cnG92KvHTJ
რიჰარდს კოლსის სტატუსი X-ზე გააზიარა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ და დაწერა: „ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვისაა სასარგებლო, სახელმწიფოს დატყვევების მის მიერ შექმნილი სქემის აღიარებისთვის. ოფიციალური ვიზიტები მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, თუ ისინი მიზნად ისახავს ახალი თავისუფალი არჩევნების ჩატარებაში შუამავლობას”, – წერს იუკნევიჩიენე.
The planned visit of the President of the OSCE PA, @PiaKauma to GEO is only useful for Bidzina Ivanišvili, for the recognition of the state capture scheme created by him.
— Rasa Juknevičienė (@RJukneviciene) January 5, 2025
Official visits can only be meaningful if they are intended to mediate the holding of new free elections. https://t.co/f9WWZbTxnh
კვირას, 5 იანვარს, კოლსის განცხადებას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელიც, რომელმაც დაწერა, რომ ერთპარტიულ რეჟიმთან შეხვედრა ახლა ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა.
„არც ერთი დასავლელი მაღალჩინოსანი არ უნდა შეხვდეს საქართველოს მმართველ პარტიას, სანამ ის არ აიღებს ვალდებულებას აღადგინოს ნდობა საკუთარი ლეგიტიმურობისადმი და ეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოხდეს ხელახალი არჩევნების გზით“, – წერს იან კელი.
Breathtakingly bad judgement to meet w a one-party regime. No senior Western official should meet with Georgia’s ruling party until it commits to restoring trust in its legitimacy— first and foremost by agreeing to new, monitored elections. https://t.co/GCxPVU7Q0q
— Ian Kelly (@ikelly731) January 4, 2025
პია კაუმას დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი, რომელმაც დაწერა, რომ ეს სერიოზული შეცდომაა.
„პია კაუმას დაგეგმილი ვიზიტი სერიოზული შეცდომაა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ლეგიტიმაცია არ უნდა მიანიჭოს არალეგიტიმურ პრეზიდენტს, მთავრობას + პარლამენტს, რომელიც გაყალბებული არჩევნებით შეიკრიბა. ევროკავშირი, ევროპის საბჭო და ეუთო უნდა მოითხოვდეს თავისუფალ და სამართლიან ახალ არჩევნებს. ესაა ღრმა კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი“, – დაწერა მან.
The planned trip of @PiaKauma to Georgia is a serious mistake. @oscepa must not legitimise an illegitimate president, government + parliament that emerged from rigged elections. EU, @coe + @OSCE should insist on free+fair new elections. That’s the only way out of the deep crisis!
— Michael Roth - official 🇪🇺🇺🇦🇮🇱🇬🇪 (@MiRo_SPD) January 5, 2025
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდა ოთხმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ, რომლებმაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახეს, თუმცა არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, არალეგიტიმურად აცხადებენ მე-11 მოწვევის პარლამენტს, „ქართული ოცნების" უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებულ მთავრობას და კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეულ მიხეილ ყაველაშვილს და ახალ არჩევნებს მოითხოვენ.
პია კაუმას ერთობლივი წერილით მიმართეს ოპოზიციურმა გაერთიანებებმა: „კოალიცია ცვლილებისთვის", „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა" და „ძლიერი საქართველო". ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამაც.
ოპოზიციის მიერ ახალი არჩევნების მოთხოვნით 2024 წლის შემოდგომაზე დაწყებული აქციები გაძლიერდა და სამოქალაქო პროტესტის სახე მიიღო 28 ნოემბრიდან, ზუსტად მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
მე-40 დღეა, დემონსტრანტები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებასა და ახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.
საპროტესტო გამოსვლები საპოლიციო ძალებმა არაერთხელ დაშალეს სპეცსაშუალებების გამოყენებით. დააკავეს 500-ზე მეტი პირი, მათგან 40-ზე მეტს სისხლისსამართლებრივი ბრალდება აქვს წაყენებული.