თბილისი (GBC) - საქართველოს V პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას გადაწყვეტილებას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა".
სალომე ზურაბიშვილი ხაზს უსვამს, რომ ქართველ ხალხს სჭირდება ახალი არჩევნები.
„ქართველი ხალხი აფასებს თქვენს მიერ ქართული დემოკრატიის საზრუნავისა და იმედის გათვალისწინებას. ჩვენ გვჭირდება ეუთო ისე, როგორც არასდროს! და ახალი არჩევნები!“- წერს საქართველოს V პრეზიდენტი.
Very wise decision of @OSCEPA President @PiaKauma to postpone the visit to Georgia. The Georgian people do appreciate your taking into account the concerns and hopes of Georgian democracy. We need OSCE more than ever! And new elections! https://t.co/LvDdazhflj
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) January 6, 2025
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ დღეს განაცხადა, რომ საქართველოში ვიზიტი გადადო.
„დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, მე გადავწყვიტე გადავდო ვიზიტი საქართველოში იმ დრომდე, სანამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა არ იქნება ყველაზე ეფექტური. ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ ყველას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების იმპლემენტაციაში“, - დაწერა პია კაუმამ X-ზე.
პია კაუმა 8-10 იანვარს გეგმავდა დელეგაციასთან ერთად საქართველოში ვიზიტს.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდა ოთხმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ, რომლებმაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახეს, თუმცა არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, არალეგიტიმურად აცხადებენ მე-11 მოწვევის პარლამენტს, „ქართული ოცნების" უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებულ მთავრობას და კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეულ მიხეილ ყაველაშვილს და ახალ არჩევნებს მოითხოვენ.
პია კაუმას ერთობლივი წერილით მიმართეს ოპოზიციურმა გაერთიანებებმა: „კოალიცია ცვლილებისთვის", „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა" და „ძლიერი საქართველო". ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამაც.
ასევე გუშინ, 5 იანვარს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თბილისში ვიზიტის დაგეგმვა გააკრიტიკეს: ლატვიელმა და ლიეტუველმა ევროპარლამენტარებმა, გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა, ამერიკელმა კონგრესმენმა, აშშ-ის „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე ჯო უილსონმა.