თბილისი (GBC) - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ საქართველოში ვიზიტი გადადო. ამის შესახებ მან განცხადება X-ზე გაავრცელა.

„დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, მე გადავწყვიტე გადავდო ვიზიტი საქართველოში იმ დრომდე, სანამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა არ იქნება ყველაზე ეფექტური. ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ ყველას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების იმპლემენტაციაში“, - დაწერა პია კაუმამ.

პია კაუმა 8-10 იანვარს გეგმავდა დელეგაციასთან ერთად საქართველოში ვიზიტს.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდა ოთხმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ, რომლებმაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახეს, თუმცა არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, არალეგიტიმურად აცხადებენ მე-11 მოწვევის პარლამენტს, „ქართული ოცნების" უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებულ მთავრობას და კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეულ მიხეილ ყაველაშვილს და ახალ არჩევნებს მოითხოვენ.

პია კაუმას ერთობლივი წერილით მიმართეს ოპოზიციურმა გაერთიანებებმა: „კოალიცია ცვლილებისთვის", „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა" და „ძლიერი საქართველო". ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამაც.

ასევე გუშინ, 5 იანვარს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თბილისში ვიზიტის დაგეგმვა გააკრიტიკეს: ლატვიელმა და ლიეტუველმა ევროპარლამენტარებმა, გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა, ამერიკელმა კონგრესმენმა, აშშ-ის „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე ჯო უილსონმა, ასევე, საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.