თბილისი (GBC) - სუსი ირწმუნება, რომ საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობა იგეგმებოდა. უწყებამ ამის შესახებ ინფორმაცია, 24 ივლისს გაავრცელა

დღეს, 26 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მცდელობას ეხებოდა თქვა, რომ "იყო პირდაპირი ძალისხმევა იმისათვის, რომ საქართველო ჩართულიყო სამხედრო კონფლიქტში, საქართველოში გახსნილიყო მე-2 ფრონტი, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ და ამის გამო კონკრეტული ძალები არიან გაღიზიანებული, თუმცა ჩვენ ბოლომდე უნდა დავდგეთ ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე".

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ ასეთი აქტები არ და ვერ განხორციელდეს.

მისივე თქმით, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით, არავის უკვირს რეალურად, რომ ასეთი გეგმები შეიძლება ჰქონდეს რადიკალურ ოპოზიციას.

"ჩვენ, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, უნდა დავაკვირდეთ გამოძიებას, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გასაკვირი ეს ყველაფერი საერთოდ არ არის. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ერთ-ერთი ევროკომისრის პირით ჩვენ გარკვეული მესიჯიც შემოგვითვალეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. პირდაპირი გაფრთხილება იყო, რაც შემდეგ ევროკომისარმა აღიარა კიდეც, ერთადერთი კორექტივი რაც იყო, მან აღნიშნა, რომ ტყვიას ისროდა არა კონკრეტული მკვლელი, არამედ პოლარიზაცია, რაც გასაგებია, რასაც ნიშნავს. შესაბამისად, ყველაფრის გათვალისწინებით, ამ გზავნილის, საერთაშორისო და ადგილობრივი კონტექსტის და კოლექტიური „ნაცმოძრაობის" ხელწერის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ასეთი რამ არავის უკვირს. ჩვენთვის მთავარია, რომ ყველანაირი ზომა მივიღოთ ასეთი ტიპის აქტების პრევენციისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძე.

პრემიერის თქმით, ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ ასეთი აქტები არ და ვერ განხორციელდეს. ეს არის სახელმწიფოს ამოცანა. სახელმწიფო სტრუქტურები საქართველოში მუშაობს გამართულად, აქედან გამომდინარე, საქართველოს აქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ ასეთ გეგმებს თავიდან ბოლომდე დავუპირისპირდეთ.

"თუ ვის შეიძლება ჰქონდეს ასეთი ინტერესი, თქვენ ხედავთ, ზოგადად, ვის აქვს არასწორი, რბილად რომ ვთქვათ, ინტერესები საქართველოს მიმართ. იყო პირდაპირი ძალისხმევა იმისათვის, რომ საქართველო ჩართულიყო სამხედრო კონფლიქტში, საქართველოში გახსნილიყო მე-2 ფრონტი, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ და ამის გამო კონკრეტული ძალები არიან გაღიზიანებული, თუმცა ჩვენ ბოლომდე უნდა დავდგეთ ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რამდენიმე დღეა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოკითხვაზე იბარებს უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველებს, რომელთა შორისაც ნაწილი აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომებში იბრძოდა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 2014 წლიდან მოყოლებული „ქართულმა ოცნებამ“ ათამდე საქმე დაიწყო ამბოხება-შეთქმულების მუხლით, მათ შორის იყო „საბურავების საქმე“, როცა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ირწმუნებოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების დამხობის მიზნით „ევრომაიდნის მოწყობას“ გეგმავდა, რისთვისაც „ზონდერჯგუფებს“ ქმნიდა და საბურავებსაც იმარაგებდა.

ამბოხებისა და გადატრიალების საქმეზე გამოძიებები დაიწყო ხელისუფლებამ 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინაც.

გამოძიების შედეგები არცერთ საქმეზე არაა ცნობილი.