თბილისი (GBC) - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 29 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: "სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციის კამპანიაში ჩაერთო ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი - თუ ქცევის ცვლილებას არ ვიხილავთ, მომავალში ამგვარ ფაქტებზე, როგორც ევროკავშირის ელჩის, ისე სხვა შესაბამისი ელჩების მიმართ, რეაგირება აუცილებლად გვექნება, საუბარია დიპლომატიურ რეაგირებაზე".

მისი თქმით, ევროკავშირის ელჩი, რომელიც არჩევნებამდე ამტკიცებდა, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეჩერებული იყო, ახლა ამტკიცებს, რომ ეს პროცესი საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა.

„იმ ფონზე, რომ ევროკავშირის ელჩი არჩევნების წინ უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში, რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ და მმართველი გუნდის წინააღმდეგ, რაც ვენის კონვენციისა და დემოკრატიული საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა, მისი დეზინფორმაციული განცხადება ჩვენთვის ნაკლებად იყო გასაკვირი. პაველ ჰერჩინსკი, რომელიც არჩევნების წინ ამტკიცებდა, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეჩერებული იყო, ახლა ამტკიცებს, რომ თურმე ეს პროცესი საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა. გარკვეული დროის განმავლობაში, ჩვენ თავს ვარიდებდით ამგვარ მოვლენებზე დიპლომატიურ რეაგირებას, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და თუ ქცევის ცვლილებას არ ვიხილავთ, მომავალში ამგვარ ფაქტებზე, როგორც ევროკავშირის ელჩის, ისე სხვა შესაბამისი ელჩების მიმართ, რეაგირება აუცილებლად გვექნება, საუბარია დიპლომატიურ რეაგირებაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს დილით საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ვფიქრობ, რომ დღეს ყველამ სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ. ჩვენ ვიხილეთ ბატონი კობახიძის გუშინდელი განცხადება, სადაც მან თქვა, რომ საქართველო არ არის დაინტერესებული მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ევროინტეგრაციის გაგრძელებით. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხაროა. ჩემთვის ეს ნამდვილად გულსატკენია“. 

მისივე თქმით, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და მისი გადასაწყვეტია, სურს თუ არა ევროინტეგრაციის გაგრძელება.

გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ, 28 ნოემბრის საღამოს 6 საათზე გააცნო საზოგადოებას.

კობახიძემ თავისი პარტიის არგუმენტები მოიყვანა, რომლებითაც ეს გადაწყვეტილება გაამყარა. მისივე თქმით, საქართველო ღირსებით გააგრძელებს ევროკავშირისკენ სვლას და საკუთარი ხარჯებით დააფინანსებენ რეფორმებს.

პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებიდან მალევე, სპონტანურად შეიკრიბა ათასობით მოქალაქე როგორც თბილისში, პარლამენტის შენობასთან, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში და გორში.

29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. დემონსტრანტების წინააღმდეგ საპოლიციო ძალები იყენებდნენ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ გაზს.

აქციის მონაწილეებიდან დაკავებულია 43 ადამიანი, ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა 22 ჟურნალისტი. 

შსს-ს ცნობით, აქციაზე დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 32 თანამშრომელი.