თბილისი (GBC) - დემოკრატი კონგრესმენი ტენესის შტატიდან და ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე სტივ კოენი „ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, ქვეყნის აშშ-სთან ურთიერთობასა და კონგრესში ინიციირებულ ორ კანონპროექტზე – „მეგობარი” აქტისა და „ქართული კოშმარის არაღიარების აქტის” მნიშვნელობაზე საუბრობს, მისი თქმით, ის 2012 წელის არჩევნებს აკვირდებოდა. "მოქალაქეები “ქართული ოცნების” მიმართ ენთუზიაზმით იყვნენ განწყობილნი, ფიქრობდნენ, რომ ივანიშვილი იყო ქართული ოცნება და ის მოუტანდა ქვეყანას რეფორმებს. მაგრამ ივანიშვილმა ყველა ეს ოცნება დაამსხვრია და ისინი კოშმარად აქცია", - აღნიშნავს კოენი.

“ჰელსინკის კომისიის” წევრთა უმეტესობა დაინტერესებულია საქართველოსთან უკეთესი ურთიერთობით. და ამისთვის [საჭირო] გზა არის ამ უკანონო, ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის არაღიარება, რომელმაც უკანონო, შეუსაბამო არჩევნები ჩაატარა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები აფასებენ, როგორც არაზუსტსა და უსამართლოს. [საჭიროა] შევაჩეროთ ურთიერთობა მანამ, სანამ ჩატარდება ახალი არჩევნები და იქნება პარლამენტი, რომელიც მთელ ქართველ ხალხსა და განსხვავებულ პარტიებს წარმოადგენს, ამჟამად, ეს მხოლოდ ივანიშვილის პარტიაა, ეს ივანიშვილის ხალხია", - აღნიშნავს დემოკრატი კონგრესმენი ტენასის შტატიდან.

მისივე თქმით, ივანიშვილს ქართველი ხალხი დასავლეთისგან შორს მიჰყავს. მიჰყავს რუსეთთან უფრო ახლოს, სადაც თავად მისი გული და მისი ფულია.

"ესაა მისი მიმართულება. ეს სამწუხარო სიტუაციაა.

გვაქვს “მეგობარი აქტი”, პირველი აქტი, რომელიც ავალდებულებს სანქციების გადახედვას ყველა ქართველი ოფიციალური პირის მიმართ - “ოცნების გუნდის” მიმართ, რასაც მე “კოშმარულ გუნდს” ვუწოდებ - ოცნებას, რომელიც კოშმარად იქცა. ყველა, ვინც კორუფციაში ან საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრაშია მხილებული, დასანქცირდება. ის ასევე ცდილობს დასახოს ის გზები, რომლითაც ქვეყანას შეუძლია ჩვენთან [ურთიერთობას] დაუბრუნდეს, იქნება ეს სავაჭრო პოლიტიკა თუ სხვა.

მაგრამ ახლა, ძალიან რთულია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის იმ მთავრობის ლეგიტიმურობის აღიარება, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს ეფუძნება. და აი აქამდე მოვედით.

გვაქვს კიდევ ერთი აქტი - რომელიც ქართული რეჟიმის არაღიარებას გულისხმობს. იმ ფაქტის გამო, რომ არჩევნები არ იყო სათანადო და სამართლიანი. ეს მეორე აქტი ამერიკას უკრძალავს ივანიშვილის რეჟიმის აღიარებას, ის აღიარებს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ეს საშინელი ვითარებაა", - აღნიშნავს სტივ კოენი.

„ამერიკის ხმის" კითხვაზე, “მეგობარი აქტი” ახალი მოწვევის კონგრესს განახლებული სახით უკვე წარედგინა, თუმცა რატომ ჩათვალეთ აუცილებლად “არაღიარების აქტის” ცალკე წარდგენაც? რა დამატებით შრეს სძენს ეს უკვე გაკეთებულ განცხადებებს და მიღებულ ზომებს, რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის? კოენი პასუხობს, "ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვექნება ურთიერთობა არალეგიტიმურ მთავრობასთან მანამ, სანამ არ დამტკიცდება, რომ საქართველოში ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი, ახალი არჩევნები. ეს უბრალოდ საბაზისო სტანდარტია, რომელიც ჩვენ უნდა დავიცვათ - რომ იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომ წავახალისოთ დემოკრატია მთელ მსოფლიოში. და ახლა საქართველო არაა ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელიც ამას აკეთებს".

მისივე თქმით, იგი ფიქრობს, რომ იქნება დამატებითი სანქციები, და სანქციების საკითხი განიხილება იმ სხვა ოფიციალური პირების მიმართაც, ვინც ჩართულია დემოკრატიის საზიანო მოქმედებებში. "ჩვენ ადმინისტრაციის [მუშაობის] მიწურულში ვართ და ვფიქრობ მათ სურდათ ივანიშვილის მიზანში ამოღება, რადგან ისაა ამ ყველაფრის თავი, მნიშვნელოვანი იყო მისით დაწყება. ისაა ყველაზე გავლენიანი პირი მთელ მთავრობაში მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პოზიცია არ უკავია, ისაა ტახტის უკან მდგომი ძალა, ის აკონტროლებს ყველაფერს. სხვა ადამიანების დრო შეიძლება მოგვიანებით დადგეს... სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ბევრი რამის გაკეთებას ცდილობს მანამ, სანამ ჯერ კიდევ ამ პოზიციაზეა... ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, საგარეო პოლიტიკას ხელისუფლების აღმასრულებელი შტო ახორციელებს, ეს სახელმწიფო დეპარტამენტი და მისი მდივანია. მარკო რუბიო სენატის წევრი იყო და მას ბევრი კანონმდებელი დიდ პატივს სცემს. თუმცა ის დონალდ ტრამპთან იმუშავებს და ვნახოთ რას გააკეთებს. ვნახავთ, გააგრძელებენ თუ არა ის რესპუბლიკელები, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას უჭერენ მხარს, ისევე ხმამაღლა ამაზე საუბარს, თუკი დონალდ ტრამპი ამის საწინააღმდეგო პოზიციას დაიკავებს, ვნახოთ ეს ყველაფერი როგორ წარიმართება".

სტივ კოენის აზრით, მათ, ვინც ახლა საქართველოს [ქმედებებს] ეწინააღმდეგება, ესმით, სად დგას „ქართული კოშმარი“ და სად დგას ივანიშვილი.

"ისინი დგანან იქ, რასაც ჩვენ ახალ „ბოროტების ღერძს“ ვუწოდებთ, ესენია ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი, რუსეთი და ირანი. ადმინისტრაციას დიდი გავლენა აქვს კანონმდებლებზე, მაგრამ ვნახოთ რას იზამენ ისინი.

ეს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ის საკითხი იქნება, როცა უნდა გავიგოთ, დადგებიან თუ არა ისინი ძველი რესპუბლიკური ღირებულებების მხარეს - მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების წასახალისებლად?

პრეზიდენტმა კენედიმ ინაუგურაციისას თქვა, რომ ის მზად იყო ნებისმიერი საფასური გადაეხადა და ნებისმიერი ტვირთი გაეღო იმისთვის, რომ მსოფლიოში თავისუფლება დაეცვა. ეს დემოკრატი პრეზიდენტი იყო, ძველ დროს კი იყვნენ ეიზენჰაუერი და სხვები, რომლებსაც სურდათ დემოკრატიის მხარდაჭერა მთელ მსოფლიოში. ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს პროცესი დონალდ ტრამპის ამ ახალი ვადისას", - თქვა მან "ამერიკის ხმასთან" და დასძინა, რომ "2012 წელს საქართველოში ხალხი არჩევნების ღამეს თბილისის ქუჩებში იყო გამოსული და მის შედეგებს ზეიმობდა. შემდეგ კი ეს ზეიმი სრულებით შეიცვალა. მე ივანიშვილი მაშინ ერთ-ერთ სასტუმროში ვნახე. და ჩემთვის ის არ გამოიყურებოდა, როგორც “ხალხის ადამიანი”, ხალხის წარმომადგენელი. ისაა კაცი, რომლის სახლიც მთის წვერზე დგას, ის მაშინვე სულ სხვა მდგომარეობაში იყო, ის საკუთარ თავს ხალხზე ზემოთ მდგომად მიიჩნევდა და მას შემდეგ სულ ასე მიიჩნევს. ეს ძალიან დიდი იმედგაცრუებაა".

„ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“ ამერიკის კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში უკვე დარეგისტრირდა. მისი წარმდგენი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია, თანაწარმდგენი კი – დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი.

„ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“, რომლის ტექსტიც „ამერიკის ხმამ“ მოიპოვა, კრძალავს „ბიძინა ივანიშვილის, ან მისი ლიდერობით მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას შეერთებული შტატების მხრიდან“. მასზე რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები ჯო უილსონი და სტივ კოენი – ამერიკის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე – ერთობლივად მუშაობდნენ და ის ოფიციალურად კონგრესს ჯო უილსონმა კოენის თანაავტორობით, თანასპონსორობით წარუდგინა.

აქტის დამტკიცების შემთხვევაში, „ივანიშვილის რეჟიმის აღიარება უნდა აიკრძალოს“. შეერთებული შტატების პოლიტიკა კი ის უნდა იყოს, რომ არც აღიაროს და არც ურთიერთობის ნორმალიზება მოახდინოს საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ან მასთან დაკავშირებული პირების მიერ იქნება მართული. ამის მიზეზად აქტში დასახელებულია „ქართველი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმის დანაშაულები“.

119-ე მოწვევის კონგრესს უკვე წარედგინა MEGOBARI აქტიც.

აქტი „ქართული ოცნების“ ყველა ოფიციალური პირის მიმართ სანქციების ყოვლისმომცველ გადახედვას მოითხოვს.

გათვალისწინებულია იმ პირების დასანქცირება, რომლებიც ჩართული იყვნენ კორუფციაში ან საქართველოს მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობის, სუვერენიტეტის ან ტერიტორიული მთლიანობის ძირის გამოთხრაში.

ინიციატივა ასევე მოითხოვს სრული ანგარიშის წარდგენას საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივებისა და რუსეთისა და ჩინეთის თანამშრომლობის შესახებ.

უფრო კონკრეტულად, აქტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ბოლო წლებში მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა ჰქონდა, რასაც მოწმობს დამოუკიდებელი შეფასებები და მიღებული ზომები.