თბილისი (GBC) - ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს X-ზე ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის მორიგი ძალადობრივი დემონსტრირებით შეშფოთებულნი არიან.

ამასთან, ისინი ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სწრაფვაში მხარდაჭერას უცხადებენ.

"უახლესი რეპრესიული ქმედებებით მმართველი ელიტა ქართველ ხალხთან და მათ ევროპულ მისწრაფებებთან განხეთქილების გაფართოებას განაგრძობს.

სრული მხარდაჭერა ქართველებს თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სწრაფვაში", - ვკითხულობთ ლატვიის საგარეო უწყების განცხადებაში.

2 თებერვალს "თბილისი მოლთან" აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების მიერ მსვლელობის დაწყების შემდეგ, გზის გადაკვეთის პროცესში, სავალი ნაწილის გადაკეტვიდან (17:58) რამდენიმე წუთში, საპოლიციო ძალებმა გზის სავალი ნაწილიდან დემონსტრანტების გადაყვანა და მათი დაკავება დაიწყეს.

პერიოდულად ადგილი ჰქონდა აქციის მონაწილეთა ისეთ შევიწროვებას, რაც ჭყლეტვის და ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხეს ქმნიდა.

პოლიციის ქმედებების შედეგად, პროფესიული საქმიანობის შესრულებისას დაშავდა "ტვ პირველის" ოპერატორი, ნიკო კოკაია, რომლის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

2 თებერვალს თბილისში გამართულ აქციებზე 31 ადამიანი დააკავეს, მათგან ყველაზე მცირე, 5-ს დაკავებისას ძალადობის გამო ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

აქციის ანონსის შემდეგ ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით შეცვალა კანონი და სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად აქცია გზების გადაკეტვა, გზის ეს მონაკვეთი კი, სადაც აქცია იყო დაგეგმილი, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტად გამოაცხადა.