თბილისი (GBC) - სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ „ბათუმელების" და "ნეტგაზეთის” დირექტორი და დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი კვლავ შიმშილობს. „მე როცა შევხვდი, მისი პოზიცია იყო, რომ შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებდა – რამდენადაც ჩემთვის ცნობილი, დღესაც ის იგივე პოზიციაზე რჩება”, – განაცხადა იოსელიანმა.
იოსელიანმა თქვა, რომ მზია ამაღლობელს რეგულარულად უტარდება მონიტორინგი და კვლევები – დღეში სამჯერ მასთან მონიტორინგის მიზნით შედის ექიმი.
„ქალბატონი მზია თავს გრძნობს ნორმალურად, ის საკვებს არ იღებს 12 იანვრიდან. ჩვენ მიერ მისი დაკავებიდან დღემდე ის მონახულები იქნა 7-ჯერ, მათ შრის ჩემ მიერ პირადადაც, ვიცით მისი განთავსების პირობები, უშუალოდ ვიყავი მასთან საკანშიც და ასე რომ, ამ პირობებზე მას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. რაც შეეხება, ადმინისტრაციის მხრიდან დამოკიდებულებას, ამაზეც არ აქვს პრეტენზია, რეგულარულად ხდება მისი ჯანმრთელობის მონიტორინგი, უტარდება კვლევები, ექიმი დღეში 3-ჯერ ნახულობს”, – აღნიშნა მან.
„ბათუმელების" და "ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი მე-16 დღეა, შიმშილობს.
ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს დააკავეს. დაკავების დროიდან ის მხოლოდ წყალს იღებს.
მზია ამაღლობელი ბათუმში 11 იანვარს დაწყებულ აქციაზე, უკვე 12 იანვარს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ამ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს 2 სხვა პირთან ერთად.
„ბათუმელების“ ცნობით, დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში. ამაღლობელმა მას დაკავების შემდგომ მის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ განუცხადა.
14 იანვარს მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. წინასასამართლო სხდომის თარიღად 4 მარტი, 11:00 საათი განისაზღვრა.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება დაუსაბუთებელი იყო. ზოგი იურისტი ფიქრობს, რომ ჟურნალისტისთვის ბრალდებად წარდგენილი მუხლი მის ქმედებას არ შეესაბამება.