თბილისი (GBC) – თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულის, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. სხდომის ნაწილობრივ დახურვის შუამდგომლობა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ დააყენა.

დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ბრალდებას „ქართუ ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ნატო ხაინდრავა ჰყავს წარმოდგენილი, რომელიც 2015 წელს "ქართუ ბანკის" გენერალური დირექტორი იყო. სასამართლოში ჩვენებას მისცემს ასევე ხაინდრავას იმჟამინდელი მოადგილე დავით გალუაშვილი.

პროკურორის თქმით, პროცესზე საუბარი პერსონალური მონაცემებს, კერძოდ "ბანკი ქართუსა" და კლიენტს შორის შეთანხმებებს შეეხება, რაც კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს.

აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა და დაუსაბუთებლად მიიჩნია ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა. ადვოკატის თქმით, საუბარი შეეხება სესხის თანხასა და პროცენტებს, რაც ისედაც გასაჯაროებულია. სხდომის ნაწილობრივ დახურვის საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმაც და აღნიშნა, რომ სხდომა "აუცილებლად უნდა იყოს საჯარო".

მოსამართლე გიორგი გელაშვილმა პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ბაჩიაშვილს, რომელიც ბრალს არ აღიარებს, 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი 2023 წლის ივლისში წაუყენეს. წარდგენილი ბრალდების თანახმად, პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილს 39 215 820 აშშ დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავება. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 2015 წლის ზაფხულში თავისი პირადი და ინვესტორის [იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი] თანხებით კრიპტოვალუტა ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია ჩადო.

პროკურატურის მტკიცებით, ბაჩიაშვილისათვის გადაცემული თანხა - 5 მლნ აშშ დოლარი - სესხად გაცემული ინვესტიცია იყო, რის უზრუნველყოფასაც ივანიშვილი ახორციელებდა.

გიორგი ბაჩიაშვილი და მისი ადვოკატი ლევან მახარაშვილი საპირისპირო სურათს ხატავენ. მახარაშვილი განმარტავს, რომ ბაჩიაშვილმა, რომელიც 2015 წლისთვის უკვე საუკეთესოდ ერკვეოდა კრიპტოვალუტების ბიზნესში, ივანიშვილს თავიდანვე სთხოვა არა პარტნიორობა, არამედ „ქართუსგან“ სესხის აღებაში დახმარება.

ადვოკატის თქმით, ივანიშვილსა და ბაჩიაშვილს შორის დაიდო „ჩვეულებრივი მიზნობრივი სასესხო ხელშეკრულება, რომელიც გაცემული იყო ბაჩიაშვილის კომპანია Mission Gate-სა და Bitfury-ის შორის გაფორმებული კონტრაქტის ანგარიშსწორების განსახორციელებლად“.