თბილისი (GBC) – ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში სამშაბათს, 28 იანვარს, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა სადაც ვკითხულობდით, რომ ევროკავშირმა სოლიდარობა გამოუცხადა მზია ამაღლობელს, რომელიც მე-17 დღეა შიმშილობს. ამასთან, ევროკავშირის წარმომადგენლობა ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა. "თავისუფალი მედია და სამართლიანი სასამართლოს უფლება ევროკავშირის ღირებულებების საფუძველია”, – წერდა EU-ის წარმომადგენლობა X-ზე.

დამოუკიდებელი მედია „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი მე-18 დღეა, შიმშილობს.

ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს დააკავეს. დაკავების დროიდან ის მხოლოდ წყალს იღებს.

მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.

მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება დაუსაბუთებელი იყო. ზოგიერთი იურისტი ფიქრობს, რომ ჟურნალისტისთვის ბრალდებად წარდგენილი მუხლი მის ქმედებას არ შეესაბამება.