თბილისი (GBC) – საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ სამშაბათს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც მისი აზრით, რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, არ შეიძლებოდა ევროკავშირის მხრიდან რეაქციის გარეშე დარჩენილიყო. "ვინც წარმოადგენს ხელისუფლებას, მოუწევს, ვიზაზე განაცხადის შეტანა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ევროკავშირის ტერიტორიაზე დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების გამოყენებით იმოგზაურებენ".

ელჩმა ასევე დასძინა, რომ აღფრთოვანებულია ქართველი ხალხის გამძლეობით და იმ მიჯაჭვულობით, რაც ქართველ ერს საქართველოს ევროპულ მომავალთან და დემოკრატიულ ღირებულებებთან აკავშირებს.

"ვხედავთ, რომ მოქალაქეები ყოველ ღამით დგანან აქ, რუსთაველის გამზირზე და საქართველოს სხვა ბევრ ადგილას და ითხოვენ უკეთეს მომავალს თავიანთვის და თავიანთი შვილებისთვის", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მისივე თქმით, ევროკავშირი დგას ქართველი ხალხის გვერდით, რადგან მათთვის გასაგებია ქართველი ერის სწრაფვა უკეთესი მომავლისთვის, უკეთესი ცხოვრებისთვის, დემოკრატიული ქვეყნისა და ევროპული საქართველოსთვის.

"ვგმობთ მიმდინარე დაშინებას, ძალადობას, შოკირებული ვართ იმით, რომ ადამიანებს სცემენ, ემუქრებიან, აშინებენ, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს, მაგრამ ასევე რიგით ადამიანებს, რომლებსაც ნიღბიანები მისდევენ და სცემენ. შოკირებული ვართ დაუსჯელობით და იმ ფაქტით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქუჩებში ორი თვეა ძალადობა მიმდინარეობს, ამის გამო სამართლებრივი დევნა არავის წინააღმდეგ განხორციელებულა“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ევროკავშირის მიზანი არა ქართველი ხალხის, არამედ იმ პირების დასჯა იყო, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებზე, დაშინების ფაქტებზე, მიმდინარე ძალადობაზე.

„ჩვენი მიზანი არ არის ქართველი ხალხის დასჯა, რომელიც დგას ქუჩაში და ითხოვს დემოკრატიულ ევროპულ საქართველოს. ჩვენი მიზანი იყო დაგვესაჯა ისინი, ვინც პასუხისმგებელი არიან რეპრესიებზე, დაშინების ფაქტებზე, მიმდინარე ძალადობაზე. სწორედ ამიტომ მივაღწიეთ გადაწყვეტილებას, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს მოუწიოთ ვიზაზე განაცხადის შეტანა ევროკავშირში მოგზაურობისას“, - აღნიშნა ელჩმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ სამშაბათს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირს ნამდვილად სურს, საქართველომ წარმატებას მიაღწიოს.

„ჩვენ გადავწყვიტეთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიგვენიჭებინა და ველოდებით საქართველოს, რომ შეერთებოდა სხვა კანდიდატ ქვეყნებს და უზრუნველეყო, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე გამხდარიყო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ბევრი ნეგატიური რამ მოხდა საქართველოში. თუ გადახედავთ ბოლო რამდენიმე თვეს, სიტუაცია ცუდიდან უარესობისკენ არის.

ამას ვამბობ, როგორც ევროკავშირის ელჩი, როცა საქმე ეხება ევროკავშირში ინტეგრაციას, ყველაზე დაბალ ნიშნულზე ვართ. ასე რომ, ქართველების გადასაწყვეტია, როგორ გამოვიდნენ ამ ღრმა სოციალური და პოლიტიკური კრიზისიდან. რა რეკომენდაციაც შეიძლება გავცე, არის დიალოგი. ხელისუფლებამ, რომელსაც დამატებითი პასუხისმგებლობები აქვს ამ სიტუაციიდან გამოსავლის გამონახვის კუთხით, ხალხთან საუბარი უნდა დაიწყოს, არ უგულებელყოს ადამიანები, რომლებიც ქუჩებში დგანან და მოითხოვენ დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს მათთვის და მათი შვილებისთვის“, - აღნიშნა ელჩმა.

ორშაბათს, 27 იანვარს, ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილების შეჩერების შესახებ.

საბჭოს განმარტებით, სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულების შეჩერება შემდეგ კატეგორიებს შეეხებათ: საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომელიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ. საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს.

ევროკავშირის საბჭო განმარტავს, რომ ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერების ძალაში შესვლისთანავე - და იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეები გათავისუფლებულნი არიან სავიზო მოთხოვნისაგან - წევრ ქვეყნებს შეუძლიათ გადაწყვიტონ მიიღონ ეროვნული ზომები დიპლომატიური, სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების და სპეციალური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნის გამოსაყენებლად.